მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eagle Hills-მა გონიოს და თბილისის მიმდებარე პროექტებზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2026 წლის ზაფხულამდე უნდა წარადგინოს

Eagle Hills

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ დეველოპერულმა კომპანია Eagle Hills-მა გონიოსა და თბილისის მიმდებარედ არსებულ პროექტებზე განაშენიანების რეგულირების გეგმა მომდევნო წლის ზაფხულამდე უნდა წარადგინოს დასამტკიცებლად. ასევე მოამზადოს და შეათანხმოს არქიტექტურული პროექტები და მათზე ნებართვები მიიღოს.

"დღეს ხელი მოეწერა საბოლოო დოკუმენტაციას, რომლითაც შეიქმნა ერთობლივი საწარმო და სადაც სახელმწიფო და ინვესტორი საპარტნიორო ურთიერთობებში შევიდნენ და პრინციპში დასრულდა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ფაზა, სადაც გაწერილია აბსოლუტურად ყველა კომერციული პირობები და ვალდებულებები როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ინვესტორის მხრიდან. შესაბამისად, პროექტი გადადის მომდევნო ფაზაზე, როდესაც ჩვენ დაახლოებით მომდევნო წლის ზაფხულის პერიოდში უკვე ველით დასრულებას იმ პროცესის, რასაც ჰქვია ყველა ნებართვების შეთანხმება, გენერალური გეგმის დამტკიცება, გზშ-ს დამტკიცება და ასე შემდეგ. საკმაოდ გრძელი სიაა იმ დოკუმენტების და ნებართვების, რაც საჭიროა ამ მასშტაბის პროექტებისთვის. როგორც მოგახსენეთ, მომავალი წლის ზაფხულში უკვე დაიწყება აქტიური სამშენებლო ფაზა ორივე პროექტის შემთხვევაში,"- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ დღეს გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც Eagle Hills-ის ქართულ შვილობილში სახელმწიფოს წილობრივ მონაწილეობას ითვალისწინებს. მთავრობას აღნიშნულ კომპანიაში 33%-ის წილი ექნება.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით შედის - გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით. Eagle Hills-ის მაჟორიტარული აქციონერის ვალდებულება კი 6.6-მილიარდიანი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი კრედიტების მოზიდვა იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის სტრუქტურირება არის იმგვარი, რომ სახელმწიფო არის პარტნიორი ამ კომპანიაში. დღევანდელი შეთანხმებით, რაზეც ბატონმა ალაბარმა და ქალბატონმა მინისტრმა მოაწერეს ხელი, სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო გახდა ამ პროექტის პარტნიორი. ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება მიწის კონტრიბუციით, ინვესტორის მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება დაფინანსებით და მათ შორის, როგორც მოგახსენეთ, მართვით. შესაბამისად, პირობები არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მხოლოდ მიწის მონაწილეობა. სახელმწიფო შეიტანს საწარმოში ამ მიწას. 33% არის სახელმწიფოს წილი იმ კომპანიაში, რომელიც დაფუძნდება,"- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

უფრო დეტალურად თუ რა პროექტის განვითარება იგეგმება თბილისთან და გონიოსთან უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები