ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სახელმწიფოსა და Eagle Hills-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ერთობლივ საწარმოში სახელმწიფოს 33%-იანი წილი აქვს „უაღრესად" კარგ და წარმატებულ შეთანხმებად აფასებს. ამის შესახებ „ოცნების“ დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე მეწარმეთა შესახებ კანონში ინიციირებული ცვლილების წარდგენისას განაცხადა, რომლითაც საჯარო მოხელეებს უფლება მიეცემათ იყვნენ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში.
კანონპროექტის წარდგენის შემდეგ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ დოკუმენტის თანაავტორს ჰკითხა - რამდენად გამართლებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწით Eagle Hills-თან შეთანხმებისას, ერთობლივ საწარმოში მხოლოდ 33%-იანი წილზე დათანხმება და რამდენად სცადა მთავრობამ სხვა ალტერნატივების მოძიება, მათ შორის ისეთი ინვესტორის, რომელიც 51%-იან წილობრივ მონაწილეობასაც დასთანხმდებოდა?
„აღნიშნული [Eagle Hills-ის] პროექტი იქნება სახელმწიფო კაპიტალიზმის გამოხატულება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა კითხვის საპასუხოდ და განმარტა:
„ეს დიდი პროექტია, რომელიც დიდწილად კომერციული პროექტია. მისი დიდი ნაწილი შეადგენს ოფისების, სასტუმროების და სავაჭრო ცენტრების მშენებლობას. როცა სახელმწიფოს ერთობლივ საწარმოში აქვს 33%-იანი წილი ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ შემოსავლები მოგების სახით სახელმწიფო დივიდენდების სახით მოგების 33%-ს მიიღებს, რაც პირადად მე მიმაჩნია, რომ უაღრესად კარგი შეთანხმებაა და ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების უაღრესად დიდი წარმატებაა.
რაც შეეხება იმპლემენტაციის პროცესს, შეიქმნება ათი ათასობით მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი ისეთ სექტორებში, რომლებიც არის მშენებლობა, დეველოპმენტი, ტურიზმი, სადაც 250 000 ადამიანია დასაქმებული, მათთვის ეს შემოსავლების ზრდას ნიშნავს და საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში აისახება. ეს ყველასთვის კარგია - ყველა მოქალაქისთვის. ჩემი და ჩვენი კომიტეტის პოზიცია ეს არის“.




























