ელექტრონული კომერციის გიგანტმა, eBay-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Etsy-სგან მეორადი ტანსაცმლის პოპულარულ პლატფორმა Depop-ს შეიძენს. გარიგების ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდება.
კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი eBay-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან კომპანია ცდილობს Gen Z მომხმარებლებს შორის თავისი პოზიციები გააძლიეროს.
Depop-ს, რომელიც 2011 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, 2025 წლის ბოლოსთვის 7 მილიონი აქტიური მყიდველი ჰყავდა, რომელთა თითქმის 90% 34 წლამდე ასაკისაა. eBay-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი იანონეს განცხადებით, ეს შენაძენი კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად ჩაერთოს მზარდ „ცირკულარული მოდის“ ბაზარზე.
საინტერესოა, რომ Etsy-მ Depop-ი 2021 წელს გაცილებით ძვირად, 1.6 მილიარდ დოლარად შეიძინა, რაც ნიშნავს, რომ მისი 1.2 მილიარდად გაყიდვა კომპანიისთვის ფინანსური დანაკარგია.




























