მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD-მა „ავერსი ფარმას“ €10 მილიონის სესხი გამოუყო - რას მოხმარდება?

232

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ავერსი ფარმას“ 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო.

თანხა ე.წ. მწვანე ინვესტიციებს მოხმარდება. კერძოდ, როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაფინანსება მოხმარდება თბილისში ახლად შეძენილი ცენტრალური საწყობის განახლებასა და ავტომატიზაციას, რაც დაეხმარება კომპანიას ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში და ოპერაციების ერთ დიდ, თანამედროვე სტანდარტების მქონე ობიექტში გაერთიანებაში, რომელიც საერთაშორისო სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მოსალოდნელია, რომ ახალი საწყობი ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს და ენერგიის დაზოგვა 40%-მდე გაიზრდება, თანამედროვე დიზაინისა და ავტომატიზაციის წყალობით.

"ავტომატური კონვეიერების, რობოტიზებული სისტემებისა და საწყობის მართვის ციფრული პლატფორმების დანერგვა სივრცის უფრო ეფექტიან გამოყენებას და ოპერაციების ნახშირბადოვანი კვალის შემცირებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ერთ-ერთი პირველი მაღალავტომატიზებული ფარმაცევტული ლოგისტიკური ცენტრის შექმნით, პროექტი გააუმჯობესებს ფარმაცევტული სექტორის ეფექტიანობას, საიმედოობასა და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას, რაც ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტების ხელმისაწვდომობასაც გაზრდის",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

EBRD ასევე მხარს დაუჭერს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას სპეციალური ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით. პროგრამა მოიცავს ახალი ციფრული სასწავლო კურსებისა და ელექტრონული სწავლების (e-learning) პლატფორმის შექმნას, რაც სულ მცირე 1 000 თანამშრომელს მისცემს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები