ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) "თიბისი ბანკს" 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტებისკენ. კერძოდ, EBRD-ი გამოყოფს სესხის 75%-ს, ხოლო GCF-ი დარჩენილ 25%-ს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ერევანში, EBRD-ის 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე მოეწერა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის მეორე სესხი, რომელიც EBRD-მა "თიბისის" მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) რეგიონული ჩარჩოს ფარგლებში გადასცა.
EBRD-ის ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" ფინანსირებას მიმართავს კლიმატის შერბილებისა და ადაპტაციის ტექნოლოგიებსა და სერვისებში ინვესტირების მსურველი საქართველოს ფიზიკური პირებისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენ. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური დაკრედიტების უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს სესხის მინიმუმ 10%-ის ქალების მიერ მართულ ან მათ საკუთრებაში არსებულ ბიზნესებში ინვესტირებას.
ამასთან, ფინანსური პაკეტის ფარგლებში, ავსტრია და GCF უზრუნველყოფენ მხარდაჭერას პროექტის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში. თანხები ასევე მოხმარდება ინკლუზიურ მწვანე დაფინანსებაზე ცნობიერების ამაღლებას.
„მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება საქართველოს მომავალი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაა. ჩვენ პარტნიორებთან - TBC-სთან და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად ვაძლიერებთ საზოგადოების და ბიზნესის მდგრადობას",- განაცხადა EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა.
თავის მხრივ, "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ: „საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისა და მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია მეტად ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკა. აღნიშნული პროექტი ასახავს ჩვენ მტკიცე ძალისხმევას მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის მდგრად განვითარებას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს "თიბისის" მოწინავე პოზიციას მწვანე და მდგრადი ფინანსირების მიმართულებით.”
"თიბისი ბანკი" EBRD-ის დიდი ხნის პარტნიორია. აღნიშნული კრედიტი GEFF-ის პროგრამის უახლესი პროექტია. პროგრამა ხორციელდება EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით. ბანკმა 29 ქვეყანაში 191 ადგილობრივი ბანკის მეშვეობით 6.3 მლრდ აშშ დოლარი ინვესტიცია განახორციელა. ამ პროგრამის წყალობით 231 000-ზე მეტ მომხმარებელს საშუალება მიეცა თავიდან აეცილებინა წელიწადში 10 მილიონ ტონაზე მეტი CO2-ის ემისია.