ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში ლოგისტიკური სერვისების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით, EBRD-მა ავსტრიულ ლოგისტიკურ კომპანია Gebrüder Weiss-ზე, თბილისთან ლოგისტიკური ცენტრის გასაფართოებლად, 3 მილიონი ევროს სესხი გასცა.
EBRD-ის ინფორმაციით, ეს ინვესტიცია დააფინანსებს კომპანიის A კლასის ინტერმოდალური ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბანკმა ამ ტერმინალის მშენებლობაც დააფინანსა. თავის მხრივ, ტერმინალის გაფართოების საჭიროება მზარდ მოთხოვნას უკავშირდება.
„საქართველო კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძად ითვლება და მისი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივა დადებითია.
Gebrüder Weiss-ი ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანიაა ქვეყანაში და ამჟამად განიცდის როგორც ტრაფიკის მოცულობის, ასევე მომხმარებლის მოთხოვნის ზრდას. მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომპანიამ უნდა გააფართოოს ლოგისტიკური ტერმინალი, რომელიც სტრატეგიულად მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს და ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს“,- აღნიშნულია პრესრელიზში.
ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია, Gebrüder Weiss-ი საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს.
დღემდე EBRD-მა განახორციელა თითქმის 5.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია 296 პროექტში საქართველოს ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში.