"რუსთავის აზოტმა" (კორპორაცია ინდორამას შვილობილი კომპანია) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს 65 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც კომპანიის განვითარების და მოდერნიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლას უზრუნველყოფს.
"რუსთავის აზოტში" განმარტავენ, რომ ინვესტიცია თანამედროვე სტანდარტების დაბალი სიმკვრივის ამონიუმის გვარჯილის (LDAN) საწარმოს მშენებლობას და ასევე, არსებული საწარმოო სიმძლავრეების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ‘რუსთავის აზოტის’ ეკოლოგიურ გავლენას.
დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად შეესაბამება სესხის ბაზრის ასოციაციის მწვანე სესხის პრინციპებს და წარმოადგენს "მწვანე სესხს". აღნიშნული მწვანე რესურსი მიმართული იქნება იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ კომპანიის ენერგოეფექტურობის ზრდას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას
"რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის საერთაშორისო კომპანია ინდორამას ნაწილი. ქარხანა წელიწადში 550,000 ტონა ამონიუმის გვარჯილას აწარმოებს და აქვს შესაძლებლობა რეგიონულ ბაზრებს მოამსახუროს. ‘რუსთავის აზოტი’ ინდორამასთვის პირველი საწარმოო ობიექტია ევროპის რეგიონში და წარმოადგენს სტრატეგიულ პლატფორმას ზრდისა და განვითარებისათვის.




























