მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: რუსეთიდან ფრენებზე დაწესებული ემბარგოს მიუხედავად, ტურიზმმა გამოწვევას გაუძლო

5dc5412a090a0
ელენე კვანჭილაშვილი
08.11.19 14:35
1340
EBRD-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა. როგორც სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს ერთი და იგივე ნიშნულით - კერძოდ, 4.5%-ით გაიზრდება.

EBRD-ი ამ პროგნოზის საფუძვლებს შემდეგნაირად განმარტავს. ერთი აქცენტი მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკაა: ბანკი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტი 4.7%-ით გაიზარდა. ამას გარდა, ბანკის შეფასებით, უკვე მეოთხე წელია, ფულადი გზავნილების მოცულობა თანმიმდევრულად იზრდება, კრედიტის ზრდაც შენარჩუნებულია, რაც ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო საქონლის ექსპორტი (ნომინალში, ამერიკულ დოლარში) 2019 წლის პირველ რვა თვეში 12.4%-ით არის გაზრდილი.

კიდევ ერთი აქცენტი ტურიზმის სექტორის დინამიკაა: EBRD-ი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან პირდაპირ ფრენებზე დაწესებული ემბარგოს მიუხედავად, რომელიც ძალაში 2019 წლის ივლისში შევიდა, სექტორმა ამ გამოწვევას მაინც გაუძლო. რიცხვებში ეს ასე გამოიყურება: მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია 5.9%-ით, თუმცა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს მაინც შემცირებული მაჩვენებელია, რადგან მაშინ ზრდა 11.1% იყო.

შემდეგი აქცენტი გაუფასურებული ლარია: EBRD-ი აღნიშნავს, რომ ტურიზმის ზრდის შენელებამ და შიდა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. მთავარი რიცხვი ამ მიმართულებით 9.4%-ია - სწორედ ამდენად გაუფასურდა ლარი 2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში.

კიდევ ერთი აქცენტი ინფლაციაა: ამ მიმართულებით EBRD-ისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2019 წლის სექტემბერში ინფლაცია შარშან 2.6%-იდან 6.4%-მდე გაიზარდა - ამის მიზეზად ბანკი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და წლის დასაწყისში აქციზის ზრდას ასახელებს. EBRD-ი ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობასაც აღნიშნავს და ამბობს, რომ სებ-ი იძულებული გახდა, ჩარეულიყო გაცვლით ბაზარზე და მათ შორის, ამიტომაც გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 200 საბაზისო პუნქტით - 8.5%-მდე. EBRD-ის შეფასებით, საქართველოს ოფიციალურმა საერთაშორისო რეზერვებმა სექტემბერში 3.6 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 4 თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები