მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეჭვი არ მეპარება, სამთავრობო გუნდი არ გააკეთებს რამეს უთქვენოდ" - სტუ-ს რექტორი აქციის მონაწილეებს

დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანების შესახებ მსჯელობა გაგრძელდება და მას ეჭვი არ ეპარება, რომ "ქართული ოცნება" ხალხის ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებს - რექტორმა უნივერსიტეტთან პროტესტის მიზნით შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

"მომეცით საშუალება, რომ მაღალი აკადემიური განათლებითა და გონებით მივუდგეთ ამ საკითხს და გავიდეთ იმ გზაზე, რომელსაც ეს კედლები იმსახურებენ. დიდი მადლობა, გაგრძელდება მსჯელობა და ერთმანეთს დავუჯეროთ.

ინტრიგას, ტყუილს, პოლიტიკისკენ სწრაფვას თავი დაანებეთ. ყველაფერში იქნება სიწყნარე. ეჭვი არ მეპარება, არც ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე, არც ბატონი მინისტრი, არც სამთავრობო გუნდი, არ გააკეთებს უთქვენოდ რამეს. მერწმუნეთ ამაში, რომ ასეც იქნება", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

პროტესტის მონაწილეთა კითხვაზე, კარგია თუ ცუდი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, სტუ-ს რექტორს პირადი მოსაზრება არ დაუფიქსირებია.

"მე ჯერ არ ვიცი-მეთქი... ჩემი პოზიციაა: რაც თქვენთვის, ჩვენთვის, უნივერსიტეტისთვის იქნება კარგი, რომ მოვუსმენ, მე მგონი უნდა მიხვდეთ რასაც ახლა ვლაპარაკობ... ზუსტად ის შეკითხვაა, რაზეც უკვე გითხარით... დღეს, როდესაც საკითხი იხილება, პოზიცია გამოვთქვა... ჩემი პოზიციაა, როდესაც მოვუსმენ, ყველას ველაპარაკო და თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი გადასაწყვეტი", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, პროფესორებთან ერთად, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც სტუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდება. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 104-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი სხვა უმაღლეს სასწავლებელს არ უნდა მიუერთდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები