საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პპ-ით 11%-მდე გაზარდა. სებ-ის განმარტებით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი და გლობალურ ბაზარზე ენერგომატარებლების გაძვირება საქართველოს ეკონომიკისთვის ახალ შოკს წარმოადგენს, რის გამოც ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. მპკ-ის სხდომის დასრულების შემდეგ კობა გვენეტაძემ ისიც განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთი უნდა გაიზრდება იქამდე, სადამდეც ამის საჭიროება იქნება.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით ზრდის გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ სებ-ი საჭიროების შემთხვევაში მზად არის კიდევ უფრო რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს.
„თუ რეგიონში დაძაბული სიტუაცია ასე გაგრძელდება, არ მგონია რომ ასეთი გადაწყვეტილება უკანასკნელი იყოს. ინფლაცია, როგორც გამოწვევა ეკონომიკაში მოკლევადიან პერსპექტივაში დარჩება და შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს, ანუ მოლოდინი, რომ გაზაფხულიდან ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება, რეალისტური აღარ არის. ამის შესაბამისად მოქმედებს ეროვნული ბანკი იმ ინსტრუმენტებით, რაც გააჩნია და პრობლემების გადაჭრას ცდილობს. თუ 15%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი შენარჩუნდა და ეკონომიკური პროგნოზი შემცირდა, ეკონომიკა საკმაოდ მწვავე სიტუაციაში აღმოჩნდება, რაც შეიძლება დიდი პრობლემა გახდეს.
ჩემი აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას უფრო სიგნალის ეფექტი აქვს, რომ ეროვნული ბანკი მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის და საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავს“, - განაცხადა ხიშტოვანმა.
მან განმარტა, რომ ზოგადად რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება ინფლაციაზე მყისიერად არ აისახება და ამისთვის გარკვეული პერიოდია საჭირო.
კითხვაზე, როდიდან შეიძლება ველოდოთ რეფინანსირების განაკვეთის კლებას, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი ასე პასუხობს:
„ომამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი იყო, თუმცა ეს მოლოდინი შეიცვალა. ვფიქრობ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე ფიქრის თარიღმა საკმაოდ გადაიწია. სანამ სიტუაცია რეგიონში არ დასტაბილურდება, ეჭვი მეპარება განაკვეთის შემცირების საკითხი დღის წესრიგში დადგეს“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ხიშტოვანმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191 800 სესხია გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.




























