"თიბისი კაპიტალის" თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ელექტრონულ კომერციაზე დანახარჯები ადგილობრივისას აღემატება, თუმცა წელს, 9 თვის მონაცემებით, ადგილობრივი ელექტრონული კომერცია უფრო სწრაფად იზრდება.
9 თვეში ბაზარი წლიურად 35%-ით გაიზარდა და 7.62 მილიარდ ლარს მიაღწია, აქედან საქართველოდან საერთაშორისო ელკომერციის ბაზარზე დანახარჯები 1 მლრდ-ით ₾4.5 მილიარდამდე გაიზარდა. რაც საერთო მოცულობის 59%-ია.

"თიბისი კაპიტალის: ელექტრონული კომერციის 9 თვის მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო ბაზრის ზრდის ტემპი ადგილობრივი ბაზრის მაჩვენებელს ჩამორჩება.
"ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო ზომა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის შესაბამის მაჩვენებელს", - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში.
მათი მონაცემებით, ზოგადად საშუალო დანახარჯი ტრანზაქციაზე 2025 წლის III კვარტალში 62.7 ლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ერთ ტრანზაქციაზე ადგილობრივად საშუალო დანახარჯი III კვარტალში 37.8 ლარი იყო, რაც 2024 წლის ამავე პერიოდის რიცხვს (₾32.2) აღემატება. ხოლო ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ბაზარზე საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 300-ლარიან ზღვარზე საკმაოდ დაბალია და 121.1 ლარს შეადგენს. ეს თანხა გასული წლის III კვარტალში 128.9 ლარი იყო.
აღსანიშნია, რომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე საქონლისა და მომსახურების წილი, შესაბამისად, 40% და 60%-ია. საქონელი მეტწილად ელექტრონიკის კატეგორიაზე მოდის, ხოლო სერვისებში ტრანსპორტი და მოგზაურობა ლიდერობს. უკანასკნელი, ზოგადად, საკმაოდ გაციფრულებული სეგმენტია და უნაღდო ტრანზაქციების დაახლოებით 90%-ს ელკომერციის არხებით იფარება.




























