მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ედისონის" ეგზიტპოლსა და ცესკოს მონაცემებს შორის 12%-იანი ცდომილება შეუძლებელია" - სოციოლოგი

სოციოლოგი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების შესახებ პირველი ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამი ეგზიტპოლის შედეგები დაიდო, საიდანაც მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციის კვლევა დაემთხვა ცესკოს მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ შედეგს.

"მანიპულაცია, რასაკვირველია ჩანს. მეტიც, პირველი ლეგიტიმური ეჭვი არჩევნების შედეგების სამართლიანობასთან დაკავშირებით, სწორედ ეგზიტპოლების და საზოგადოებრივი აზრის კვლევების საფუძველზე გაჩნდა. ეგზიტპოლს ის გამოარჩევს ჩვეულებრივი გამოკითხვისგან, რომ ეგზიტპოლით უზრუნველყოფილია შერჩევის ცდომილების უპრეცედენტოდ დაბალ მნიშვნელობა, ეგზიტპოლებში შერჩევის ცდომილება 1%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ვინ ატარებდა ამ ეგზიტპოლებს? ერთი ლოკალური კომპანია “გორბის” სახით, რომელიც კარგა ხანია შემჩნეულია მმართველი პარტიის ინტერესების და სურვილების რეალიზებაში და ორი საერთაშორისო დონის კომპანია. ერთი მათგანი ახალი შემოსულია ქართულ ბაზარზე, რაც შეეხება Edison Research-ს, 2003 წლიდან მოყოლებული ეს კომპანია საქართველოში მოქმედებს, მას არაერთხელ ჩაუტარებია ეგზიტპოლი საქართველოში და, პრაქტიკულად, ყველა შემთხვევაში, არჩევნების შედეგისგან გადახრა ედისონი ეგზიტპოლებს არ ჰქონია 2%-ის მიღმა", - ამბობს სოციოლოგი.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგზიტპოლებსა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს შორის წლევანდელ არჩევნებზე ამხელა სხვაობაა, ალოგიკურია.

"ახლა აღმოჩნდა რომ "ედისონის" და harris-ის ცესკოს მიერ გამოცხადებული მონაცემები 12%-იანი ცდომილებით ასცდა - ეს წარმოუდგენელი და შეუძლებელია. შემდეგ, როდესაც ჩატარდა სხვადასხვა სტატისტიკური ხასიათის ოპერაცია, რათა ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ვალიდურობაში დავრწმუნებულიყავით, აღმოჩნდა, რომ აქაც დარღვეულია სტატისტიკური ლოგიკა.

აღმოჩნდა, რომ 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, საქართველოში გაჩნდა ოლქები, სადაც “ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის ულოგიკოდ, არაბუნებრივად გაზრდილი. შეუძლებელი, რომ რომელიმე ოლქში 2020 წლიდან "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხმები 35-40-50%-ით გაზრდილიყო", - აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.

26 ოქტომბრის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა მეოთხედ მოიპოვა. მმართველმა პარტიამ ხმების 54.93%-ით საკანონმდებლო ორგანოში 89 მანდატი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები