სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აფასებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესში "ქართული ოცნების" ამომრჩევლები უფრო მეტად იყვნენ მობილიზებული, თუმცა ეს მმართველი პარტიისთვის, წინა არჩევნებთან შედარებით, დამატებით 300 000 ხმის მოზიდვას მაინც ვერ ადასტურებს.
კითხვას, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გაზრდილი ელექტორალური აქტივობა მნიშვნელოვანწილად მხოლოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადათარგმნილიყო? კაჭკაჭიშვილი პასუხობს, რომ მმართველ პარტიას ამის ბერკეტი ჰქონდა.
"ამ რიცხვებზე მსჯელობას ვერ დავიწყებ, რადგან არ მჯერა, რომ ეს რიცხვები ობიექტურ რეალობას ასახავს.
წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ოპოზიციის ამომრჩევლისთვის ერთ-ერთი გამოწვევა არჩევნებზე მისვლა, საკუთარი ხმის დაფიქსირება იყო. "ქართული ოცნების" ამომრჩეველი კარგად იყო მობილიზებული, იმ ფონზე, რომ ისინი პრაქტიკულად აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი მმართველ პარტიას და ვალდებულების დონეზე იყო მათთვის არჩევნებზე მისვლა. ოპოზიციურ პარტიებს ზემოქმედების ასეთი ძლიერი მექანიზმი და ბერკეტი არ გააჩნიათ, მათ ყველაზე დიდი შეუძლიათ, თხოვონ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლა, მაგრამ ეს ვალდებულება ვერ იქნება. ამიტომ, ეს არჩევნები აჩვენებდა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას 0-დან 10-ქულამდე სკალაზე შევაფასებთ, 10-ს უფრო მეტად დააფიქსირებდნენ ქართული ოცნების ამომრჩევლები, ვიდრე - ოპოზიციური პარტიების", - განმარტავს კაჭკაჭიშვილი.
იაგო კაჭკაჭიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი პარტიისადმი ხმის მიცემის ვალდებულებას არ გრძნობდა, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო გზავნილებიდან მათზე მხოლოდ ერთმა - მშვიდობამ - იმოქმედა.
"ლამის ერთადერთი წინასაარჩევნო მესიჯი, რომელიც აღმოჩნდა ეფექტური და ეფექტიანი, ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილი ამომრჩევლებისთვის, ეს იყო სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფის და ომის თავიდან აცილების თემა. ცხადია, ის კონფლიქტური ფონი, რომელიც ჩვენს რეგიონშია, ის ტრავმული გამოცდილება, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს და არც ისე დიდი ხნის წინაა მომხდარი, ასაზრდოებდა ქართული ოცნების ძირითად მესიჯს.
სხვა ამბავია, რამდენად აქვს ამ მესიჯს ობიექტური საფუძველი, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყანას ცეცხლის ალში გაახვევდა - ამას არავითარი საფუძველი არ ჰქონია, მაგრამ მესიჯის დონეზე იმუშავა, ყველაზე უფრო ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერმა სხვა რამ, რაც ქართულმა ოცნებამ გამოიყენა", - აღნიშნავს სოციოლოგი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული შედეგებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ, საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებთან შედარებით, შედეგი მხოლოდ 1000-მდე ხმით გაიუმჯობესა, "ქართულმა ოცნებამ" კი - 300 000-მდე ხმით.