მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეფექტიანი მთავრობა ნიშნავს, ნაკლები რესურსით მაქსიმუმი შევძლოთ - პაატა შურღაია

შურღაია

გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 4.8%-ით გაიზრდება.

საკითხზე, თუ რომელ სექტორებში უნდა ველოდოთ ყველაზე სწრაფ განვითარების ტემპს და რომელი სფეროები იქნებიან ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე მიმზიდველი 2024-ში, BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” პაატა შურღაია, "გრანთ თორნთონის" თანამმართველი პარტნიორი საუბრობს.

მისი თქმით, გასულ 2023 წელს ყველაზე მეტად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) სექტორი გაიზარდა და გლობალური მოთამაშეების გარკვეულმა ნაწილმა საქართველოში ერთგვარი ბაზაც კი შექმნეს.

“2023 წელს ICT სექტორის შემოსავალი 1 მილიარდს გაუთანაბრდა. ზრდის ტემპები რომ შევადაროთ გასულ 5 წელს, ეს რიცხვი ასტრონომიულად დიდია. იყო სახელმწიფოსგან ტრიგერი, რომელსაც შემდეგ მოყვა მოლაპარაკებების ძალიან დიდი ფაზა საერთაშორისო მოთამაშეების საქართველოში შემოსვლისთვის. თუმცა ის ბაზა, რომელიც აქ შეიქმნა, სატესტო იყო. შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ამან ამ კომპანიების რელოკაცია გამოიწვია. კომპანიების ნაწილი საქართველოში დაფუძნდა, თუმცა ვიღაცები გავიდნენ და საინტერესოა იმის შესწავლა, რატომ.

გასულ წელს სექტორული ბუმი უძრავი ქონების მიმართულებითაც იყო და სავარაუდოდ ეს ტენდენცია წელსაც მზარდი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციული ტემპი შენელდა, მსყიდველობის 90% მაინც რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში და ეს ეფექტი შენარჩუნდება”, - ამბობს პაატა შურღაია.

მსოფლიო ბანკის საპროგნოზო ანგარიშში კონკრეტული რეკომენდაციებიცაა განხილული, რომლებიც მთავრობის ეფექტიანობასა და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. პაატა შურღაია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სექტორების ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს და სხვადასხვა სექტორში დასაქმებული პირების თუ მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანია.

“ეფექტიანი მთავრობა ნიშნავს, რომ ნაკლები რესურსით ჩვენი მაქსიმუმი შევძლოთ. სახელმწიფო სექტორში უამრავი ადამიანია დასაქმებული და მათი ეფექტიანობა რომ გავზომოთ, ეს ძალიან დიდ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ნამდვილი პროფესიონალების ხელფასები და მათი მოტივაცია გავზარდოთ და ერთგვარი ქამრების შემოჭერის პოლიტიკა განვახორციელოთ.

ჩვენ გარე ფაქტორებს ვერანაირად ვერ შევცვლით, ეს გამორიცხულია, მაქსიმუმ რისკის შემსუბუქება შეგვიძლია. მზად უნდა ვიყოთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, მათ შორის ეფექტიანი მთავრობის, პოლიტიკური თუ სასამართლო რეფორმების მხრივ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და მსოფლიო ბანკის ანგარიშშიც წერია, ქვეყანაში კვალიფიციური მენეჯერების ყოლაა აუცილებელი, რისთვისაც განათლების რეფორმაა საჭირო, რომელიც საქართველოში ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაშია”, - ამბობს პაატა შურღაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები