მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისთვის უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკა მზად 2024 წელს? - ელენე კვანჭილაშვილი, რედაქტორის სვეტი

კვანჭილაშვილი

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე ათწლეული განვითარების მიმართულებით გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, თუმცა პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს - გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება.

ამავე დოკუმენტის შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. შესაბამისად, ეს 2023 წელს იმავე მსოფლიო ბანკის მოლოდინთან შედარებით – 6.5% – 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ზრდის მოსალოდნელი შენელება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მიგრაციული ეკონომიკური ბუსტის შემცირებას უკავშირდება. 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა - 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6.5%-მდე შემცირდა, რაც მათ შორის მაღალი საბაზო ეფექტით იყო განპირობებული

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი „ანალიტიკა“-სთან ამბობს, რომ საქართველოსთვის უკეთესი ზრდის მაჩვენებელს ისურვებდა, რადგან საშუალოდ 5%-იანი ზრდა ქვეყნის გამდიდრებისთვის საკმარისი პირობა არ არის; ხოლო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დროებითი ფაქტორებით იყო გამოწვეული, რასაც ახალი პროგნოზებიც მოწმობს. „უფრო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება“ - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

საქართველო და რეგიონი

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის საქართველოზე უკეთესი პროგნოზი 2024 წელს აქვს მხოლოდ ტაჯიკეთს და უზბეკეთს. ყველაზე ახლოს საქართველოს პროგნოზთან სომხეთის პროგნოზია. მსოფლიო ბანკის მოლოდინებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა იმაზე უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, ვიდრე გაიზრდება მაგალითად – ბულგარეთის, ხორვატიის, მოლდოვის, პოლონეთის და რუმინეთის.

ჩვენი რეგიონისთვის მთავარ რისკებად მსოფლიო ბანკი გამოყოფს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესაძლო ესკალაციას, რამაც შეიძლება გაზარდოს ნავთობზე ფასები, გაზარდოს მოთხოვნა ფინანსების კონსოლიდაციაზე, უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესის აქტივობაზე.

რეგიონში გეოპოლიტიკური რისკები ისევ უკავშირდება, ცხადია, რუსეთ–უკრაინის ომსაც – მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ ომის გაჭიანურება და უარეს სცენარში ესკალაცია, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგს.

კიდევ ერთი რისკი ამ რეგიონისთვის ევროზონაში სიტუაციის დაბალი ტემპით გაუმჯობესებაა, რადგან ევროზონა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და რა თქმა უნდა, ამას უარყოფითი გავლენა ექნება მთელს რეგიონზე. ცენტრალური ევროპისთვის მნიშვნელოვან რისკად მსოფლიო ბანკი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების შეფერხებით მიმდინარეობას მიიჩნევს, რადგან ეს აფერხებს ევროკავშირის მიერ გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერის ჩამორიცხვას. რეგიონისთვის მნიშვნელოვან რისკებადაა მიჩნეული,
მსოფლიო ბანკის ამ ახალ დოკუმენტში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება ერთი მხრივ და მეორე მხრივ რუსეთიდან გადმორიცხვების მოცულობის მკვეთრი ვარდნა – ეს რისკები, მსოფლიო ბანკის ანალიზის მიხედვით, ყველაზე მეტ გავლენას ახდენს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაზე.

ერთი რჩევა, რომელიც მსოფლიო ბანკს კონკრეტულად ექსპორტზე ორიენტირებული განვითარებადი ქვეყნებისთვის აქვს ფისკალური ჩარჩოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხარჯვის დისციპლინას. ამ დისციპლინის მართვის მთავარ ინსტრუმენტებად მსოფლიო ბანკი ხედავს მოქნილი სავალუტო რეჟიმების დანერგვას და საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესების თავიდან აცილებას.

„ანალიტიკა“-ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე - მეტი სანდოობა ექნებოდა თუ არა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის - IMF-ის მიერ მხარდაჭერილ ფისკალურ ჩარჩოს - EY-ის მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი ამბობს, რომ საქართველო პატარა ეკონომიკაა და ჩვენთვის ბმა დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან უმნიშვნელოვანესია: „დარწმუნებული ვარ, ამაზე მიდის მუშაობა და მიდის ამ პროგრამის აღდგენაც, რადგან იმისთვის, რომ ვიყოთ სტაბილურები ყველა სექტორში ჩვენ, პრინციპში, გვჭირდება კარგი ბმა უფრო დიდ ბაზრებთან და დიდი რესურსების მქონე ორგანიზაციებთან“.

გლობალური კონტექსტი და საქართველო

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ერთი მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე ერთი წლის წინ: რეცესიის რისკი შემცირდა, ძირითადად აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის გამო. თუმცა, მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია.

განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების, გლობალური ვაჭრობის შესუსტებისა და ათწლეულების განმავლობაში არსებული მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე, საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის გაუარესდა. მსოფლიო ბანკის წერს – მოსალოდნელია, რომ 2024 წელს გლობალური ვაჭრობა პანდემიამდე არსებული ათწლეულის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი იქნება. ასევე, განვითარებად, განსაკუთრებით კი დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებში, სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიმატებს, რამდენადაც საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის კორექტირების გათვალისწინებით მსოფლიოში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.

პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ზრდა ზედიზედ მესამე წელია იკლებს წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე 2024 წელს, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იქნება, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 5.5%-ს მიაღწევს, რაც ადრე ნავარაუდევთან შედარებით დაბალია.

2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40%-ში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება ვიდრე 2019 წელს COVID პანდემიის დაწყებამდე. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ინვესტიციების ზრდა ერთ სულზე განვითარებად ქვეყნებში 2023 წლიდან 2024 წლამდე მოსალოდნელია მხოლოდ 3.7%-ის ოდენობით, რაც გასული ორი ათწლეულის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია.

ანგარიში გვთავაზობს პირველ გლობალურ ანალიზს, თუ რა იქნება საჭირო მდგრადი საინვესტიციო ბუმის შესაქმნელად 35 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნისა და 69 განვითარებადი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე ბოლო 70 წლის განმავლობაში.

მოკლე დასკვნა ამ ნაწილში ისაა, რომ განვითარებადი ქვეყნები ხშირად იღებენ ეკონომიკურ სარგებელს, როცა ზრდიან ინვესტიციების მოცულობას ერთ სულზე მინიმუმ 4%-მდე და ინარჩუნებენ მას ექვსი ან მეტი წლის განმავლობაში. ამით ისინი უფრო სწრაფად ეწევიან განვითარებული ქვეყნის შემოსავლების დონეს, უფრო სწრაფად ახერხებენ სიღარიბის შემცირებას და პროდუქტიულობის მაჩვენებელი ოთხჯერ იზრდება. მსოფლიო ბანკის ანალიზის მიხედვით, ასეთი ბუმის დროს ხდება სხვა ტიპის სარგებლის მიღებაც: მცირდება ინფლაცია, ფისკალური და გარე პოზიციები უმჯობესდება და ადამიანების წვდომა ინტერნეტთან სწრაფად ფართოვდება.

გრანტ თორთონის მმართველი პარტნიორი პაატა შურღაია „ანალიტიკა“-სთან ამბობს, რომ საქართველოს კონტექსტში ყველაზე საინტერესო ისეთ უცხოურ ინვესტიციებზე კონცენტრირებაა, რომელიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული - საქართველოში შექმნის სერვისს ან პროდუქტს და მას ექსპორტზე გაიტანს. „ჩვენ გვინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - ამბობს შურღაია „ანალიტიკა“-ს პირდაპირ ეთერში - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ქვეყანაში ფული შემოვა ან რომ ჩვენ პროდუქტს ან სერვისს გავყიდით - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ სხვანაირი ცხოვრების წესს ვისწავლით ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიც არიან აშშ-ში და ევროპაში“. პაატა შურღაიას „ანალიტიკა“-სთან ICT სექტორის საქართველოში განვითარების მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ამ სექტორში მსხვილი საერთაშორისო მოთამაშის შემოსვლამ და ამ ტიპის მოთამაშის მოთხოვნების დაკმაყოფილებამ ქვეყანას ის მოუტანა, რომ ამ სფეროში უამრავი აქსელერაციის პროგრამა მიმდინარეობს და ადგილობრივი ტალანტებიც უხვადაა. „ამას ექნება გავლენა“ - ამბობს პაატა შურღაია.

საქართველოს საინვესტიციო ბანკების პროგნოზები

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ გალტ ენდ ტაგარტის 2024 წლის პროგნოზები გააუმჯობესა. საინვესტიციო ბანკს შემუშავებული აქვს 2 სცენარი - საბაზისო და ოპტიმისტური.

საბაზისო სცენარის მიხედვით: 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება; ლარი/დოლარის და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.7 და 3.0-ის ფარგლებში; საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შეამციროს 8.5%-მდე 2024 წლის ბოლოსთვის 2023 წლის ბოლოს არსებული 9.5%-დან.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით: 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზრდება; ლარი/დოლარის და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.65 და 2.95-ის ფარგლებში; საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შეამციროს 8.0%-მდე 2024 წლის ბოლოსთვის 2023 წლის ბოლოს არსებული 9.5%-დან.

რაც შეეხება რისკებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს ეკონომიკური პროგნოზები, მათ გალტ ენდ ტაგარტი კვლავ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს უკავშირებს. თუმცა, როგორც საინვესტიციო ბანკში მიაჩნიათ, რომ არსებული ბუფერებით ქვეყანას შეუძლია გაუმკლავდეს პოტენციურ რისკებს მათი რეალიზების შემთხვევაში.

გალტ ენდ ტაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე „ანალიტიკა“-სთან ამბობს, რომ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს საქართველოსთან მიმართებით საკუთარი პროგნოზების ზრდის მიმართულებით გადახედვა მოუწევთ. „წინა წლებს თუ გადავხედავთ - ამბობს ლაშა ქავთარაძე „ანალიტიკა“-ს პირდაპირ ეთერში - წლის დასაწყისში გინდ საერთაშორისო ორგანიზაციები, გინდ ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც პროგნოზებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით, შემდგომ, ყოველთვის ზრდის მიმართულებით ახდენდნენ გადახედვას - ვფიქრობ, ეს ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდება“.

თიბისი კაპიტალი 2023 წელს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების ნორმალიზების ტრენდად მიიჩნევს. „ორი თანმიმდევრული წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მოსალოდნელია, რომ 2024 წელს 6.7%-ის ფარგლებში იქნება. ნომინალური ზრდა 10.1%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი ინფლაციის წნეხის შემსუბუქების კვალდაკვალ“ - აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის დოკუმენტში „საქართველოს მაკრო და სექტორული პროგნოზები“.

თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „ანალიტიკა“-სთან ამბობს, რომ მაღალი ეკონომიკური აქტივობის პირობებში, ყოველთვის ღირს დავფიქრდეთ, მუდმივად ასე გაგრძელდება თუ არა. „სავალუტო რისკების მხედველობაში მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ ჩვენ გვქონდა მსხვილ კლიენტებთან შეხვედრა ლარი-ევრო-დოლარის არჩევანზე და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი - მათ შორის, არა იმიტომ რომ კრიზისი იქნება, არამედ იმიტომ, რომ განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური აქტივობის დროს მნიშვნელოვანი კითხვაა - კრიზისის ალბათობის რამდენ პროცენტს ვიღებთ მხედველობაში ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისას - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა გროვდება კარგ დროს და ეს უნდა გვახსოვდეს“ - ამბობს ოთარ ნადარაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები