მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მალე გამოვაქვეყნებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალის შეფასებაზე” – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი

საქართველომ 26-27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლა. ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, წელს მეოთხედ გაიმართა და 60 ქვეყნიდან 2000 დელეგატი შეკრიბა. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში 200–ზე მეტი B2B–შეხვედრა შედგა.

“ანალიტიკა”–მ, ფორუმის ფარგლებში, ინტერვიუ მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან ჩარლზ კორმიერთან ჩაწერა.

- მოგესალმებით, ბატონო ჩარლზ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ფორუმის შედეგების შეჯამებით დავიწყოთ ჩვენი საუბარი – რა იყო ის მთავარ საკვანძო გზავნილები, რაც ერთი მხრივ მიიღეთ ამ ფორუმიდან და მეორე მხრივ, თავად გაუზიარეთ ფორუმის მონაწილეებს?

- მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ფორუმი საკმაოდ გავლენიანი აღმოჩნდა. რეგიონში რამდენიმე კრიზისი ერთდროულად მიმდინარეობს. არის გეოპოლიტიკური დაძაბულობა, მაგრამ ამავდროულად, შარშან, "კოვიდის" დროს ჩვენ შევამჩნიეთ დიდი პრობლემა, რომელიც მიწოდების ჯაჭვებს უკავშირდებოდა. ამას მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. დავინახეთ ძალიან დიდი განსხვავებები სავაჭრო ნაკადებს შორის. შარშანაც, კიდევ ერთხელ, რუსეთის ომის გამო უკრაინაში, ბევრი გამოწვევა გაჩნდა გაზის მიწოდების ნაწილში ევროპისთვის და ამას დაერთო, თავად ევროპის გადაწყვეტილება, რომ მეტი დივერსიფიცირება მოეხდინა რუსული ენერგობაზრისგან, ამიტომაც ფასები 4–5–ჯერ გაიზარდა, რამაც ენერგეტიკული კრიზისი შექმნა. ამდენად ამ ფორუმმა ერთად მოუყარა თავი კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს ამ გამოწვევების განსახილველად, მათზე დისკუსიის გასამართად და ამასთან – არ შემოიფარგლა მხოლოდ გამოწვევების იდენტიფიცირებით, არამედ, შესაძლებლობების შეფასებაც მოახდინა. საქართველო, კონკრეტულად ის ქვეყანაა, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ფიქრობს როგორ დააკავშიროს რეგიონის ქვეყნები ერთმანეთთან ძირითადი ინფრასტრუქტურის გარშემო. საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონის შუაგულშია და ცდილობს, ქვეყნებს შორის საერთო ხედვის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამ ფორუმის დადებითი მხარე ისიც იყო, რომ ადამიანები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. უკვე ვხედავ საერთო ხედვის ჩანასახს დაკავშირებადობის ირგვლივ, განსაკუთრებით, რეგიონული ენერგეტიკული ვაჭრობის კუთხით – შუა დერეფნის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის, ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. აქ გასათვალისწინებელია ასევე გაციფრულების, დიგიტალიზაციის შესაძლებლობები. მსოფლიო ბანკში მიგვაჩნია, რომ ეს შექმნის მნიშვნელოვან იმპულსს სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. უკვე მოვისმინეთ მოსაზრებები, როგორ შეიძლება ქვეყნებმა, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კერძო სექტორმა თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ სტრუქტურული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ვფიქრობ, ეს ძალიან დამაიმედებელი გზავნილი იყო და საკმაოდ დროული ფორუმი.

- რა შეგვიძლია ვთქვათ, თავად შუა დერეფნის პროექტზე – როგორ ფიქრობთ, ეს მარშრუტი სტაბილურობას მას შემდეგაც შეინარჩუნებს, რაც უკრაინა მოიგებს და რუსეთზე დაწესებული სანქციები გაუქმდება?

- ძალიან კარგი კითხვაა. შუა კორიდორი უკვე არის ყველაზე სწრაფი დამაკავშირებელი სახმელეთო მარშრუტი დასავლეთ ჩინეთსა და დასავლეთ ევროპას შორის. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორიდორი უფრო გრძელია, მაგრამ უკვე დამკვიდრებული და გამოცდილია.

- და ალბათ, უფრო იაფიც.

- დიახ, მართალი ხართ – იაფიც. წელს, შარშანდელთან შედარებით, შუა დერეფანში ვაჭრობა დაახლოებით 33%–ით არის გაზრდილი. მალე გამოვაქვეყნებთ კვლევას, სადაც მოცემული იქნება სავაჭრო ნაკადების პროგნოზებიც მომდევნო 10 წლის ჭრილში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუა დერეფანს აქვს ეკონომიკური პოტენციალი და შეიძლება გახდეს კომერციულად მიმზიდველი. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს თავისი არსით ალტერნატიული მარშრუტია – მაგრამ მთელი რიგი ბაზრებისთვის, მაგალითად, კონტეინერების ტვირთებისთვის, ამ მარშრუტის ეფექტიანობა თუ გაიზრდება და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ამ მოცულობის დიდი ნაწილის მოზიდვა იქნება შესაძლებელი. კვლევაში საინტერესო რიცხვები იქნება და ამას თქვენც ნახავთ რამდენიმე კვირაში. ვფიქრობ, დაგარწმუნებთ, რატომ მიგვაჩნია ჩვენ, რომ მშვიდობის დამყარების პირობებშიც, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი შეინარჩუნოს მიმზიდველობა.

- ძალიან მაინტერესებს ეს კვლევა. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა აკლია ხოლმე შუა დერეფანზე დისკუსიას და დიდი მადლობა ასეთი ტიპის კვლევის მომზადებისთვის. ამასთან, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ჩინეთის როლი შუა დერეფნის კონტექსტში?

- ჩინეთი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ბევრი ამ ქვეყნისთვის. ჩინეთს ბევრი აქვს გაღებული ჩრდილოეთ კორიდორის დაფინანსებისთვის, რომელიც რუსეთზე გადის და ჩინური კომპანიები დღეს ვაჭრობენ კიდეც დასავლეთ ევროპასთან. ჩვენი სავაჭრო გათვლები, რომლებსაც კვლევაში ნახავთ, ჩინეთის ჩართულობასაც შეისწავლის შუა დერეფნის მარშრუტში და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეაფასოთ ეს გავლენა. ჩინეთს გაცხადებული აქვს, რომ მას სურს ასევე შუა დერეფანში ინვესტირება, ევროკავშირის ქვეყნებიც არიან დაინტერესებულები, ამ რეგიონის ქვეყნებიც არიან დაინტერესებულები ინვესტირებით – მოკლედ, შევხედავთ, როგორ წავა პროცესი. მაგრამ ალბათ ჩინეთიც იქნება ამ პროცესის მონაწილე. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუა დერეფნის იდეა არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ დასავლეთ ჩინეთსა და დასავლეთ ევროპას შორის ვაჭრობას. მნიშვნელოვანია რეგიონალური ვაჭრობაც. ამ რეგიონის ქვეყნები – საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი – ის ქვეყნებია, რომლებიც დამოკიდებულები იყვნენ რუსეთთან ვაჭრობაზე და მათ სჭირდებათ საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამისთვის მათ სჭირდებათ ერთმანეთთან ვაჭრობის გაუმჯობესება. როგორც ძველი აბრეშუმის გზა იყო აგებული სხვადასხვა ქალაქებში წარმოების განვითარებაზე და საბოლოო ჯამში, იქცა ერთიან მარშრუტად, ეს ახალი შუა დერეფანიც სწორედ ეს არის. ამდენად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნებმაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ და არა მხოლოდ – სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით.

- გისმენთ და ძალიან ლოგიკურია, რასაც საუბრობთ. რატომ დასჭირდა ამ სამეზობლოს ჯერ პანდემია და შემდეგ ომი, რომ ეს შესაძლებლობები დაენახა?

- კარგი კითხვაა. 10–20 წლის წინანდელ ვითარებას თუ შევხედავთ, ჩინეთის საწარმოო ძალა ორმაგდებოდა, ჩინელები თავად აინვესტირებდნენ კორიდორებში, თუმცა, ზოგიერთი ტრანსპორტი ჯერ კიდევ ძვირია. სახმელეთო გზა მათთვის დაკავშირებადობის მთავარ მარშრუტად იქცა. ვფიქრობ, შესაძლოა კონფლიქტმა და პანდემიამ დააჩქარა შუა დერეფნის პოტენციალის აღქმის პროცესი და დიახ, თქვენ მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ ეს ორი გეოპოლიტიკური მოვლენა აღმოჩნდა კატალიზატორი შუა კორიდორის ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრებისთვის. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ასე მაინც მოხდებოდა, თუმცა, შესაძლოა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან არსებობს ბუნებრივი მოთხოვნა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების შემთხვევაში, მოახდინონ საკუთარი ვაჭრობის დივერსიფიცირება.

- ხშირად ძალიან რთულია დავინახოთ, რა ბიუჯეტი უმაგრებს ზურგს შუა დერეფნის პროექტს? შესაძლოა, თქვენმა კვლევამ მეტი ნათელი მოჰფინოს ამ საკითხს, იმიტომ რომ ამაზე პასუხი დღეს არ არსებობს ...

- ბანკის კვლევა დაიწყებს მეტი სიცხადის შეტანას ამ საკითხში. მას ვერ ექნება საბოლოო რიცხვი. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მოკლე ვადაში იდენტიფიცირებული დაფინანსების საჭიროება ძირითადად ხმარდება ბარიერების მოხსნას და ეფექტიანობის ზრდას – ამდენად პირველი კითხვა, რაზე პასუხიც გაინტერესებს ის არის, თუ რა ტიპის ბარიერები უშლის ხელს განვითარებას. რატომ სჭირდება ამ განვითარებას დიდი დრო. მაგალითად: ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო არასკმარისი ინფრასტრუქტურა, თუმცა ისიც გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო დონეზეც ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. ამ კორიდორის გასწვრივ 14 განსხვავებული კომპანია იყრის თავს. როგორ იმუშავებენ ისინი ერთმანეთთან, რა გამოწვევებია ამ ნაწილში და როგორ შეიძლება მათი ეფექტიანობის გაზრდა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ახალი ტექნოლოგიების ფაქტორიც. დიგიტალიზაციას ვაქცევთ დიდ ყურადღებას. ამდენად ჩვენი კვლევა სრულ სურათს ვერ შექმნის, მაგრამ პრიორიტეტულ საკითხებს ნამდვილად გამოკვეთს, ინვესტიციებს, რომლებიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ შუა დერეფანი უფრო მეტად კომერციულად მიმზიდველი გახდეს.

- დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვიცი, რომ დროში შეზღუდული ხართ. ჩემი ბოლო კითხვა იმ კომპანიის დაფუძნებისთვის ხელმოწერილ მემორანდუმს შეეხება, რომელმაც ბიუროკრატიული მექანიზმები უნდა გაამარტივოს საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის და სავარაუდოდ, გააიაფოს კიდეც მარშრუტის ეს მონაკვეთი – როგორ უნდა შევაფასოთ ეს ნაბიჯი და შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ ეს სამი ქვეყანა აჩვენებს პოლიტიკურ ნებას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს დერეფნის ეფექტიანობაზე?

- აუცილებლად. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ და სრული ჩართულობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის, კომპანიების – ამისთვის მათ საერთო ხედვა უნდა ჰქონდეთ. როცა ქვეყნები ერთმანეთს ესაუბრებიან, ხელს აწერენ მემორანდუმს, ეს ნამდვილად არის პირველი ნაბიჯი , რომ სწორედ ასეთი საერთო ხედვა ჩამოყალიბდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ კორიდორის განვითარების გზაზე. თქვენ მკითხეთ ცოტა ხნით ადრე – რატომ ვერ შედგა ეს კორიდორი – შესაძლოა იმიტომაც რომ ამ მასშტაბის თანამშრომლობა მაშინ არ იყო ქვეყნებს შორის, რასაც დღეს ვაკვირდებით. ამდენად ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე პირველი ნაბიჯია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები