მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანში ჩვენი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი - აკაკი საღირაშვილი

ანალიტიკა

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, აკაკი საღირაშვილი აღნიშნავს, რომ შუა დერეფნის მომენტუმი საქართველომ დროულად უნდა გამოიყენოს, რისთვისაც არსებული გამოწვევების ანალიტიკაა აუცილებელი. საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა.

მომენტუმს გამოყენება და გააზრება სჭირდება, მათ შორის, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ჩვენ შესაძლებლობების ფანჯარა გაგვეხსნა, არამედ, უნდა დავაკვირდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც წარმოაჩინა, თუნდაც ტვირთნაკადის გადმომისამართებამ ჩვენი მიმართულებით. სწორედ ამის ანალიტიკის საფუძველზე, ვფიქრობ, უნდა მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები, მოვემზადოთ იმისთვის, რომ შუა დერეფანს აქვს პოტენციალი და გავიაზროთ, რომ ის, რაც 10 წლის წინ თეორია იყო, დღეს ფაქტია”, - აღნიშნავს საღირაშვილი.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” წარმომადგენელი BMG-სთან აზიის ევროპასთან დამაკავშირებელ სატრანზიტო გზებს შორის კონკურენციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის არსად წასულა და, პირიქით, მზარდია.

“კონკურენცია არსად არ წასულა, ის იქნება მზარდი და მძაფრი, მაგრამ ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნებსაც, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს. ამას ეხმიანება ისიც, რომ სულ ახლახან შეიქმნა საერთო ოპერატორი ტვირთების გადასაზიდად, რომელიც მეტ სინერგიას შექმნის ძირითად სახელმწიფოებს შორის.

აქცენტია გასაკეთებელი უზბეკეთზეც, რომელიც ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკაა და ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ შუა დერეფანი, როგორც უბრალოდ კორიდორი, რომელიც ტრანსპორტირებას ეხება - ეს ეკონომიკური დერეფანია და რაღაც დროის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, კორიდორი მოემსახურება ისეთ ტვირთებს, რაც მხოლოდ ნედლეული არ იქნება და იქნება მზა პროდუქტები”, - აღნიშნავს საღირაშვილი.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურისა და საფასო პოლიტიკის ჩამოყალიბების შემდეგ, შუა დერეფანს კონკურენციის დაძლევის რეალური შესაძლებლობა აქვს.

“შუა დერეფანს პოტენციალი აქვს, რომ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს სხვა სატრანზიტო გზებს, [რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულების შემდეგაც. თუ ავიღებთ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას - ჩრდილოეთ დერეფნის მინუსი ისაა, რომ ის არ არის მულტიმოდალური. იქ შეგიძლია, მხოლოდ რკინიგზით მოემსახურო ყველა ტვირთს. ტრანსპორტს არ ცვლი, თუმცა 3 000 კმ-ით უფრო გრძელია, ვიდრე შუა დერეფანი.

შესაბამისად, როდესაც ინფრასტრუქტურის კომპონენტი გაიმართება, და გამჭოლი ტარიფები გვექნება, ვფიქრობ, რომ პოტენციალი ნამდვილად არის”, - აცხადებს აკაკი საღირაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები