ეგვიპტის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ მოპოვებული და ექსპორტირებული მარცვლეულის შესყიდვაზე უარი განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოფიციალური კაირო ამიერიდან აღარ მიიღებს რუსულ ტვირთებს, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ მიწებზე მოპოვებული სურსათითაა დატვირთული.
პარალელურად, ეგვიპტურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გაზარდოს მარცვლეულის იმპორტი უშუალოდ უკრაინიდან, რაც კიევისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკურ მხარდაჭერაზე მიუთითებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ეგვიპტის, როგორც მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორის პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს. ცვლილებას, რადგან 2025 წელს კაირომ რუსეთისგან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული შეიძინა. ანუ ის რაოდენობა, რაც მის მოთხოვნას მნიშვნელოვნად ფარავდა. თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გატანილი პროდუქციის ბლოკირება ექსპერტებს უჩენს განცდას, რომ ეგვიპტემ წელს პრიორიტეტად საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დაცვა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მოსკოვს აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.
მარცვლეულის საკითხის გარდა, უკრაინისა და ეგვიტპის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მისი გავლენაც განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ ეგვიპტეს „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა“ შესთავაზა, რაზეც მხარეებმა დიალოგის გაგრძელების პირობა დადეს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ უკრაინა გლობალურ სამხრეთში თავისი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს და სურს, ხელი შეუწყოს რუსეთის გავლენის შემცირებას იმ რეგიონებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთზე იყვნენ დამოკიდებულნი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ეტაპზე სამხედრო თვალსაზრისით კონკრეტული ხელშეკრულებების შესახებ არაფერი თქმულა.




























