ეგვიპტის ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს, ერთთვიან პერიოდში ამერიკულ დოლართან მიმართებით ეგვიპტური ფუნტის ვარდნის მაჩვენებელი 35%-ს აღწევს.
ბოლო პერიოდში ვალუტის რეკორდული გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი 600 საბაზისო პუნქტით, 27.25%-მდე გაზარდა და თან ეროვნულ ვალუტაზე დაწესებული კაპიტალის კონტროლი დროებით გააუქმა.
უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო შემოდინებების კუთხით ქვეყანა კრიზისშია, რადგან ისრაელი-ჰამასის ომის მიმდინარეობის ფონზე, საერთაშორისო ინვესტორები ეგვიპტეში თანხის დაბანდებას ერიდებიან, ეს კი ქვეყნის ეროვნულ ვალუტას გაუფასურებისკენ უბიძგებს.
გარდა საინვესტიციო კლიმატის გაუარესებისა, ეგვიპტის ეკონომიკურ მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს ის მოცემულობა, რომ ქვეყანაში 30%-იანი ინფლაცია ფიქსირდება და მის შეკავებას ცენტრალური ბანკი ვერ ახერხებს.
მართალია, ბუნებრივი რესურსებითა და თითქმის 110-მილიონიანი მოსახლეობით ეგვიპტე აფრიკის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა, თუმცა არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევს და ის თითქმის მუდმივადაა დამოკიდებული IMF-ის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსურ დახმარებაზე.