მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისთვის ვაგროვებთ სავალუტო რეზერვებს? - ლაშა ქავთარაძის განმარტება

6436cc9d40a36
ალა ისპირიანი
12.04.23 19:30
2888
საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $5 მილიარდს გადააჭარბა. სებ-ის განახლებული სტატისტიკით, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების ზომამ 5,003,000,000 დოლარი შეადგინა, რაც რეზერვების მაქსიმალური მოცულობაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეზერვები 973 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის გაზრდილი. რეზერვების მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ უკანასკნელ პერიოდში სავალუტო ბაზრიდან აშშ დოლარის შესყიდვაა. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში სებ-მა Bmatch პლატფორმით 241 მილიონი დოლარი შეისყიდა, გასულ წელს კი 578 მილიონი დოლარი იყო ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული.

რის საფუძველზე და რისთვის ვაგროვებთ სავალუტო რეზერვებს? - აღნიშნულთან დაკავშირებით Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ გადაცემა “საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„იმ ფონზე, როდესაც ლარი მყარდება, დეპოზიტების დოლარიზაცია მცირდება და რეზერვები გვეზრდება- ეს კარგი სიგნალია, გარკვეულწილად მაღალ შემოდინებებზე მიუთითებს და ეროვნული ბანკი შესყიდვებს Bmatch პლატფორმის საშუალებით აგრძელებს. მაგალითად, იანვარში 155 მილიონის შესყიდვა იყო განხორციელებული; თებერვალში დაახლოებით 86 მილიონის; მარტში ვფიქრობთ, 100 მილიონის ფარგლებში იქნება ან მეტი.

საერთაშორისო რეზერვები იმისთვისაა კარგი, რომ კრიზისს მზად შევხვდეთ - თუ რომელიმე არხებიდან შემოსავლები შემცირდება, ქვეყანა რომ გადახდისუნარიანი დარჩეს, მნიშვნელოვანია რეზერვების ქონა.

ბოლო 2 წელია საერთაშორისო რეზერვები ადეკვატურ დონეზეა. წლის ბოლოსკენ ველოდებით, რომ რეზერვები დაახლოებით 5.2 – 5.3 მილიარდის ფარგლებში გვექნება“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები