მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EIB-მა ზემო სამგორის ირიგაციის პროექტის დაფინანსების I ტრანშის მინიმალური ოდენობა ორჯერ შეამცირა

სარწყავი

ევროპის საინვესტიციო ბანკმა(EIB) ზემო სამგორის ირიგაციის პროექტის დაფინანსების ფარგლებში პირველი ტრანშის მინიმალური ოდენობა 1 მლნ ევროდან 450 000 ევრომდე შეამცირა. შესაბამისი შეტყობინება საქართველომ უკვე მიიღო.

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებაში ცვლილება დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, მომხსენებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი იყო. თუმცა პარლამენტს პირდაპირი ტრანსლირება კომიტეტიდან არ დაუდია, ასევე, უწყებამ უარი უთხრა BMG-ის ინტერვიუზე, შესაბამისად, უცნობია, ამ საკითხზე საკომიტეტო განხილვის დროს, რაზე გამახვილდა ყურადღება.

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის მომზადებული დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად კი, “EIB-ის მიერ წარმოდგენილია N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი, რომელიც ითვალისწინებს პირველი ტრანშის მინიმალური ოდენობის 450 000 ევრომდე შემცირებას და იმ ვადის გახანგრძლივებას, რომლის განმავლობაშიც მსესხებელმა უნდა გასწიოს დასაშვები ხარჯები 180 დღიდან 360 დღემდე, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ტრანშის გაცემაზე ვრცელდება. გარდა ამისა, გაუქმდა სხვადასხვა წინაპირობები როგორიცაა თანხის ჩამორიცხვამდე პროექტის მართვის ერთეულის (PMU) სრულად ფუნქციონირების მოთხოვნა, სხვა სასესხო თუ საგრანტო შეთანხმების ეფექტურობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და თანაფარდობითი (პროპორციული) ჩამორიცხვების დამადასტურებელი საბუთების მოთხოვნა. ამ მოთხოვნათა სანაცვლოდ, მსესხებელი ვალდებულია, პირველი ჩამორიცხვისთვის მაინც დანიშნოს PMU-ის ძირითადი წევრები და უზრუნველყოფს, რომ ეს ერთეული სრულად ამოქმედდება ექვსი თვის განმავლობაში“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება 2022 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა. მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მაისში მოახდინა. სესხის მოცულობა 20 მლნ ევროა. ხანგრძლივობა 20 წელი, შეღავათიანი პერიოდი კი - 5 წელი. ბანკი კრედიტის 10-მდე ტრანშის ჩამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.

პროექტის ფარგლებში კი დაგეგმილია ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. პროექტი მოიცავს მაგისტრალური არხების, მეორადი და მესამეული არხების პროექტირებას, მშენებლობას და ზედამხედველობას. პროექტის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს საქართველოს მელიორაციის მეშვეობით. პროექტის განხორციელების პერიოდია 2023-2028 წლები.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა, დღევანდელი კომიტეტის სხდომისას, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ "ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროექტი ფაქტობრივად სტარტს იღებს".

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განმახორციელებელი გუნდის დაკომპლექტება და მნიშვნელოვანია, ისე დაიგეგმოს და შესრულდეს აქტივობები, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებები მინიმუმამდე იყოს შემცირებული“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები