მეორადი საბურავების გამოყენების რისკები და ტრანსპორტირების უსაფრთხოება
ზამთრის სეზონის მოახლოებასა და ტემპერატურის ვარდნასთან ერთად აუცილებელია ავტომობილის შესაბამისი მომზადება. ავტომობილის გზასთან შეხების ერთადერთი წერტილი სწორედ საბურავია, შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში მის ხარისხს გადამწყვეტი როლი ენიჭება. 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციით, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა.
ამ ვალდებულების შესასრულებლად მძღოლები ხშირად არჩევანს ფინანსური ეკონომიის სასარგებლოდ აკეთებენ და მეორად საბურავებს ყიდულობენ, თუმცა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ვერ აცნობიერებენ ამ ნაბიჯის რეალურ რისკებს - სინამდვილეში ეკონომია ხშირად უსაფრთხოების ხარჯზე მიიღება.
უსაფრთხოება ნამდვილად არ არის ის საკითხი, რომელთან მიმართებითაც კომპრომისებზე წასვლა შეიძლება.
რა გამოწვევებს აწყდებიან მძღოლები მეორადი საბურავების გამოყენების დროს, რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთრის საბურავები, რატომ არის ახალი ზამთრის საბურავი გრძელვადიანად უფრო იაფი და უსაფრთხო, ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი:
მეორადი საბურავების გამოყენებისას მოსალოდნელი რისკები ხშირად არ არის გააზრებული. რა სააფრთხეები შეიძლება მოჰყვეს თუ არჩევანს მეორად საბურავებზე გავაკეთებთ?
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებელია სეზონური საბურავების დაყენება, რადგან ის პირდაპირ განსაზღვრავს ავტომობილის სტაბილურობას თოვლიანსა და ყინულიან გზაზე. სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების გამომწვევ ფაქტორებს შორის დისტანციის დაუცველობა მეოთხე ადგილზეა, რის გამოც სწორად შერჩეულ და ხარისხიან საბურავებს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება.
მიუხედავად იმისა, რომ მეორადი საბურავები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია, ახალი საბურავების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოება გაცილებით მაღალია და დაზოგილ, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უმნიშვნელო თანხას მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ახალი და მეორადი საბურავები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, თუმცა უსაფრთხოდ მგზავრობისთვის მათ შორის განსხვავება მეტად დიდია:
- მეორადი საბურავების ისტორია უცნობია, ამიტომ მათი რეალური მდგომარეობის შეფასება რთულია. ხშირად ისინი გარეგნულად კარგად გამოიყურება, თუმცა, შესაძლოა, ვიზუალურად შეუმჩნეველი შიდა დაზიანებები ჰქონდეს, რომლებიც გამოყენებისას გაბზარვით ან გასკდომით ავლენს თავს
- პროტექტორის სიღრმე მეორად საბურავებში ხშირად მინიმალურ ზღვარს - 1.6 მმ-ს უახლოვდება, მაშინ როცა უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია 3–4 მმ. მცირე სიღრმე ამცირებს გზასთან მოჭიდებას და განსაკუთრებით სახიფათოა თოვლსა და ყინულზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეორადი საბურავის გამოყენება მძღოლს მნიშვნელოვნად უფრო მაღალი რისკის წინაშე აყენებს განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის პირობებში. ახალი, სეზონისთვის შესაბამისი საბურავი კი, ბევრად საიმედო და უსაფრთხო არჩევანია.
რატომ არის განსაკუთრებით პრობლემური ჩვენს ქვეყანაში შემოსული მეორადი საბურავები?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება ახალ და მეორად საბურავებს შორის. უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, საბურავი გამოშვებიდან დაახლოებით 6 წლის შემდეგ კარგავს თავის პირველად თვისებებს და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ფუნქციას, შესაბამისად
უსაფრთხო, სწრაფ და სტაბილურ დამუხრუჭებას სხვადასხვა სიჩქარეზე ვეღარ უზრუნვეყოფს.
გაცვეთილი საბურავი დამუხრუჭების მანძილს 10-15 მეტრით ზრდის, რაც საგრძნობლად ზრდის შეჯახების რისკს. ჩვენს ქვეყანაში შემოსული მეორადი საბურავების უმეტესობა ამ ასაკს აღემატება, ბევრი მათგანი 6-ის კი არა, 10 წელზე მეტისაც კი არის, ამიტომ მათი მოჭიდების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
როდესაც საბურავი ვერ ასრულებს თავის ძირითად როლს, მძღოლის რეაქციის სისწრაფეს მნიშვნელობა აღარ აქვს - ტექნიკურად შეუძლებელია მანქანის დროულად შეჩერება. ახალი, ხარისხიანი საბურავი კი, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როცა მეორადი საბურავი შეიძლება მძღოლი დააღალატოს.
2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია გვავალდებულებს, ავტომობილი გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობისას ზამთრის საბურავებით აღვჭურვოთ. რა ფაქტორებს ექცევა ყურადღება ამ დროს და საჭიროა თუ არა ზამთრის საბურავები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში?
1 დეკემბრიდან 1 მარტის ჩათვლით მოქმედებს კანონი და ვიცით ის მონაკვეთებიც, რომლებზეც სავალდებულოა სეზონისთვის შესაფერისი აღჭურვილობა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არა მხოლოდ საკურორტო მონაკვეთებზე, ყველგან საჭიროა ზამთრის საბურავები. საკურორტო-მთიანი ზონების გარდა, სეზონზე ნალექიანი ამინდი მთელ საქართველოშია, ამიტომ ქალაქში და დაბლობებზეც მნიშვნელოვანია მომზადებული შევხვდეთ. ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს ფიფქის სიმბოლო, რადგან ეს ნიშნავს, რომ საბურავი აკმაყოფილებს ზამთრის სტანდარტებს და შექმნილია სიცივისთვის, ყინულისა და თოვლისთვის.
პროტექტორის სიღრმე უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს: მსუბუქი ავტომობილისთვის რეკომენდებულია მინიმუმ სამი მილიმეტრი, მიკროავტობუსისა და ავტობუსისთვის კი ოთხი მილიმეტრი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საბურავის ასაკი არ აღემატებოდეს 10 წელს, თუნდაც ვიზუალურად კარგ მდგომარეობაში იყოს. ამასთან, დამზადების თარიღი უნდა იკითხებოდეს DOT კოდით, რათა მძღოლმა იცოდეს საბურავის რეალური ვადა და უსაფრთხოება. როდესაც ტემპერატურა 7 გრადუსზე ქვემოთ ჩამოდის, აუცილებელია ზამთრის საბურავის დაყენება, რადგან ზაფხულის საბურავი ასეთ პირობებში კარგავს ელასტიკურობას. შესაბამისად, სეზონური საბურავები პირდაპირი მნიშვნელობით უზრუნველყოფს დაცვას თოვლსა და ყინულზე მოცურებისგან.
ერთ-ერთი გავრცელებული მითია, რომ ახალი და კარგი „ყველა სეზონის” საბურავი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ზამთრის საბურავი. ამ შემთხვევაში რა რჩევები შეიძლება გავითვალისწინოთ?
„ყველა სეზონის” საბურავი არ არის იმდენად ეფექტური ზამთრის პირობებში გამოსაყენებლად, რამდენადაც ზამთრის საბურავი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია მისი ცვეთის ინტენსივობაც, რომელიც გაცილებით აღემატება ზამთრის საბურავისას. თუ ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიურობაზეც, აღსანიშნავია, რომ ცვეთის კუთხით, სხვადასხვა სეზონის საბურავების ქონა უფრო მომგებიანია, ვიდრე „ყველა სეზონის”. საბოლოო ჯამში, მეორადი საბურავის შეძენით მიღებული ეკონომია, ფაქტობრივად, მხოლოდ მოკლევადიანია.
ევროპული სტანდარტები მკაცრად ზღუდავს მეორადი საბურავების გამოყენებას, და ჩვენს ქვეყანაშიც რეგულაციები ნელ-ნელა იმ მიმართულებით ვითარდება, რომ დაინერგოს უფრო მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები.
გასაგებია, რომ ბევრისთვის ახალი საბურავის შეძენა ფინანსურად მარტივი არაა, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ფასის მეორე მხარეს ყოველთვის ჩვენი და სხვისი უსაფრთხოება დგას. გარდა ამისა, თუ მძღოლი სეზონურ საბურავებს შეიძენს და მათ სწორად შეინახავს, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც გამართლებულია.
დაბოლოს, მეორად საბურავებზე არავინ იძლევა გარანტიას, ახალი საბურავი კი უზრუნველყოფს საიმედოობას, სტაბილურობას და უსაფრთხო გადაადგილების სრულფასოვან პირობებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ უნდა გაკეთდეს გადაწყვეტილება ინფორმირებულად, მთავარი აქცენტით უსაფრთხოებაზე.
ცნობისათვის, პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა, მაგალითად Bridgestone და Michelin, აკმაყოფილებენ ყველა საერთაშორისო სტანდარტს, ხოლო საახალწლო პერიოდი კარგი შესაძლებლობაა მათი ხელმისაწვდომ ფასად შეძენისთვის, რაც ამ ტიპის საბურავებზე გადასვლას კიდევ უფრო მარტივს ხდის.




























