ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვები არ ისმის.
ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან, NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან და საქართველოში ჩინეთის ელჩ ლი იენისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმე ისაა, რომ საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა შემოვიდა.
მინისტრმა ჩინეთის საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაქცინის მისაღებად გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„სინოფარმის“ ვაქცინით მსოფლიოში უკვე 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. ჯანმოდან ის უკვე ავტორიზაციას ელოდება. საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა გვაქვს და საბჭოზე გადავწყვეტთ, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით საქართველოში აცრა შესაძლებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




























