ეკატერინე ტიკარაძემ წასვლის წინ თავისი ფავორიტი პროექტი დაასახელა. მისი თქმით, ეს ეხება სოციალური კოდექსს, რომელიც, როგორც ცნობილია, მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.
„ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ფავორიტი პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში და ძალიან მიხარია რომ ეს პროექტი "ქართული ოცნების" ფარგლებში დაიწყო, არის სოციალური კოდექსი, რომელიც გახდება ჩვენი მოქალაქეების სოციალური საჭიროებების უსაფრთხოების ის გარანტი და პლატფორმა, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ სიცოცხლის და ცხოვრების ისეთი ხარისხი, როგორც ყველა ევროპულ ოჯახს აქვს.
ეს "ქართული ოცნებისთვის" არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი განაცხადები არის სოციალური და ჩვენი გზა არის ნამდვილად ევროპისკენ. ეს პროექტი ერთი წელია მიმდინარეობს, შემდეგ წელს ჩვენ დავიწყებთ განხორციელების კონკრეტულ გეგმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტრო და მისი გუნდი ამ პროგრამასაც წარმატებით გააგრძელებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, გასულ თვეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ სოციალურ კოდექსზე მუშაობა დაწყებულია და პროექტი სამუშაო ჯგუფების გააქტიურების ფაზაშია.
ექსპერტების განცხადებით, სოციალური კოდექსი უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ ყველა მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, შენარჩუნდება ფინანსური მდგრადობა და გაუმჯობესდება ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობა.
როგორც ცნობილია, "სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება.
შეგახსენებთ: ტიკარაძემ “ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს.




























