მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკა გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში - გუკა ცაგარეიშვილი, ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული

64ba5d59b0d29
BM.GE
21.07.23 14:22
1275
სტატიაში საუბარია:
„ეკონომიკა მეცნიერებაა, რომელიც მიზეზ-შედეგობრიობაზე გვაფიქრებს და გვიბიძგებს, დავსვათ კითხვა - რა იქნება მიღებული გადაწყვეტილების შედეგი?“ , - ასე იწყება საუბარი ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გუკა ცაგარეიშვილთან, რომელიც ახლახანს საქართველოში გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. რადგან ეკონომიკა და ფინანსური ცნობიერება ხომ ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებენ.

სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა. რთული, რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი პროცესის გავლის შემდეგ ნახევარფინალში 230 მოსწავლე გადავიდა, მათგან 10 საუკეთესო შედეგის მქონე ფინალისტი გამოვლინდა, ხოლო საბოლოო რაუნდში, ხუთი გამარჯვებული შეირჩა.

ერთ-ერთი გამარჯვებულია გუკა ცაგარეიშვილი, რომელიც ახლა სლოვაკეთში, ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. თუმცა, მანამდე ის საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

„ეკონომიკა აზროვნების სტილია, რომელიც გვეხმარება, მივიღოთ გადაწყვეტილებები და შევძლოთ მათ შედეგებზე დაკვირვება. ეს არის სფერო, რომელიც სვამს ყველაზე საჭირო კითხვას - რატომ?, მასზე პასუხის მიღება კი აუცილებელია, თუ გვინდა ვიცხოვროთ მაქსიმალურად თავისუფლად და კარგად. ეს არ არის მხოლოდ ფაქტობრივი, მშრალი ინფორმაციის წყარო, ის აზროვნებაში გვეხმარება. ისეთი ღირებულებების დაცვას კი, როგორიც არის თუნდაც თავისუფლება, სჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი, რომელიც არ დაუშვებს უკეთესი ალტერნატივების ხელიდან გაშვებას, ეს კი ეკონომიკის საფუძვლებშიც არის აღწერილი“, - გვიყვება გუკა.

ამბობს, რომ ფინანსები არის სფერო, რომელიც თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების შედეგად ინდივიდები თავისთავად სწავლობენ მარტივ ეკონომიკურ პრინციპებს.

„ფინანსები არის სფერო, რომელიც შეუძლებელია რომ ადამიანმა თავიდან აირიდოს. შესაბამისად, ხშირად ჩვენ ეკონომიკურ და ფინანსურ განათლებას ყოველდღიური გამოცდილებიდანაც ვიღებთ. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, ეკონომიკის შესახებ წიგნს წავიკითხავთ თუ ცოდნას ჩვენს ქმედებებზე დაკვირვებით მივიღებთ, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მას“, - განმარტავს გუკა.

უფრო მეტიც, ამბობს, რომ ფინანსური ცოდნის გარეშე შეუძლებელია წარმატებით დავალაგოთ გეგმები და შემდეგ ის რეალობად ვაქციოთ. „აუცილებელია ყველას ესმოდეს, რომ არაფერია უფასო და თითოეულ ჩვენგანს სურვილების ასახდენად რაიმეს დათმობა მოუწევს - იქნება ეს დრო თუ ფული. შესაბამისად, ფინანსური განათლება ხელს გვიწყობს, შევაფასოთ რამდენად ღირებულია კონკრეტული სურვილი და გვეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრაში“, - ამბობს ის.

აღნიშნავს, რომ ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას „საღი აზრის ეკონომიკას“ და კახა ბენდუქიძის კრებულს „სხვა არჩევანი არ გვაქვს“ ანიჭებდა. როგორც გვიყვება, „ეს კრებული, გარდა იმისა რომ გვაძლევს ფაქტობრივ ცოდნას, გვაფიქრებს სხვადასხვა საკითხზე, რაც კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.
ამბობს, რომ დღევანდელ რეალობაში განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რადგან სწავლის გარეშე წარმოუდგენელია განვითარდე და წინსვლას მიაღწიო, შესაბამისად მნიშვნელოვანია მას შედარებით მეტი დრო დაუთმო. ამიტომაც მიიჩნევს, რომ ერთი კონკრეტული მეთოდით - ფორმალური თუ არაფორმალური განათლებით შეუძლებელია სრულფასოვანი ცოდნის მიღება.

„აუცილებელია სწავლისათვის განკუთვნილი ყველა წყარო გამოიყენო, იქნება ეს ფორმალური განათლება, თუ არაფორმალური, რადგან ინფორმაციის მიღება ნებისმიერი გზით არის შესაძლებელი“, - განმარტავს გუკა.

შესაბამისად, მიიჩნევს, რომ კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალგაზრდებს, გაიღრმაონ ცოდნა და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები.

„სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა, როგორებიცაა კონფერენციები თუ ოლიმპიადები ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლია, გაიცნო მსგავსი ინტერესის მქონე ადამიანები, რაც ყოველთვის საინტერესო და პროდუქტიულია. გარდა ამისა, გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა ასეთი აქტივობებისგან, ვფიქრობ გამომადგება მომავალი განვითარებისთვის“, - აღნიშნავს გუკა.

ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული აქტივობა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ეკონომიკის ოლიმპიადაა, რომელმაც 1200-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ ცოდნა ეკონომიკის შესახებ და გამოეცადათ საკუთარი თავი.

რაც შეეხება ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, სურს, რომ გაიცნოს და შეხვდეს რაც შეიძლება მეც, საინტერესო ადამიანს, მოისმინოს მათი გამოცდილება და შეიძინოს ახალი ცოდნა.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა (EO) არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკური განათლებისა და ფინანსური წიგნიერების დონის გაუმჯობესებას. ის ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ 2016 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში დაარსდა, 2017 წლიდან კი საერთაშორისო პროექტი გახდა. INEV უკვე ატარებს ოლიმპიადებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელი. ეს მონაცემები კი მუდმივად იზრდება.

საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ ტარდება, რომელსაც საქართველოს ბანკის გენერალური მხარდაჭერით და Economic Fundamental Initiative-თან (EFI) და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები