ეროვნულმა ბანკმა "საქართველოს ბანკი" 95 000 ლარით დააჯარიმა.
მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქმე ეხება 4 სხვადასხვა დარღვევას. მათ შორისაა, დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 ფაქტს. ასევე, 14 კლიენტთან მიმართებით დაირღვა ფულის წარმომავლობის შესწავლის კანონით დადგენილი მოთხოვნები; 2 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელდა რისკის სწორი მინიჭება; ხოლო 1 შემთხვევაში დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
კერძოდ:
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 შემთხვევას;
- 14 კლიენტთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონი. კერძოდ, არ განახორციელა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა;
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ კანონის 2 კლიენტთან მიმართებით დარღვევის გამო არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;
- 1 კლიენტთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი და "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მოთხოვნები.
ეს წელს, აღნიშნული რეგულაციების დარღვევისთვის კომერციული ბანკის მეორე დაჯარიმებაა. სებ-მა იანვარში "ბაზისბანკი" დააჯარიმა.
გასულ, 2023 წელს კი სულ 4 ბანკი დაჯარიმდა. 2022 წელს - 7 კომერციული ბანკი, 2021 წელს - 2 ბანკი, 2020 წელს - 4 ბანკი.
საქართველოს ბანკის შემთხვევაში, ეს დაჯარიმების პირველი შემთხვევაა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.