მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ქმედებად მიჩნეულია გეგმაზომიერი პრივატიზაცია|ქონების სააგენტო

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აქტივობები ქონების განკარგვის მიმართულებით განსაზღვრულია სააგენტოს სტრატეგიის დოკუმენტში", - ასე უპასუხეს ქონების სააგენტოში BMG-ის კითხვას - როგორია სსიპის სახელმწიფო ქონების პრივატიზების სტრატეგია.

აღნიშნული კითხვით BMG-მ ქონების სააგენტოს მას შემდეგ მიმართა, რაც შევნიშნეთ, რომ ქონების სააგენტო სახელმწიფოს უძრავი თუ მოძრავი ქონების ეფექტიანად და კონკურენტულ ფასად გაყიდვისთვის არც მედია რესურსებს მიმართავს და არც - საკუთარ ციფრულ არხებს იყენებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ციფრული არხების ანალიზი აჩვენებს, რომ უწყება საკუთარ პლატფორმებს საპრივატიზაციო ობიექტების პოპულარიზაციისთვის, ფაქტობრივად, არ იყენებს:

Instagram: ბოლო პოსტი 2025 წლის ზაფხულით თარიღდება.

LinkedIn: პრაქტიკულად უმოქმედოა.

Facebook: მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში გამოქვეყნებული პოსტები მხოლოდ ვაკანსიებს, მილოცვებსა და სამძიმრებს ეთმობა: 9 მაისი, ევროპის დღე, ფაშიზმზე გამარჯვება, დედაენის დღე, აღდგომა, ახალი წელი და პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოთქმული მწუხარება. საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ პოსტები აქ თითქმის არ გვხვდება.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვას ახორციელებს შემდგომში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით. ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ქმედებად მიჩნეულია გეგმაზომიერი, შეწონილი პრივატიზაციის განხორციელება. პრივატიზაციის პროცესის ეფექტიანი მიმდინარეობა გარკვეულწილად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის გამართულობას, ხელს უწყობს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, წარმოებებისა და მომსახურე ობიექტების ამუშავებას, სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას. სააგენტო დამატებით ახორციელებს სახელმწიფო მოძრავი ქონების მართვა-განკარგვის ღონისძიებებს. სააგენტოს აქტივობები ქონების განკარგვის მიმართულებით განსაზღვრულია სააგენტოს სტრატეგიის დოკუმენტში“, - ეწერა ქონების სააგენტოს წერილობით პასუხში, რომელიც BMG-მ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქონების სააგენტოს სტრატეგიის დოკუმენტი საჯარო არაა.

ქონების სააგენტოს ინფორმაციით, წელს, პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან ბიუჯეტში 52 მლნ ლარი შევიდა, რითაც გეგმა 170%-ით შესრულდა. მისივე ცნობით, პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა შარშანაც - 213 მილიონი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტში 4 მილიონით მეტი შევიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პრივატიზაციის წლიური თუ კვარტალური გეგმების შესრულებით თავს იწონებს, მაგრამ გასხვისებული სახელმწიფო აქტივების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს აცხადებს. მიმდინარე წელს BMG-მ უწყებიდან, რომელსაც 2024 წლის ზაფხულიდან ირაკლი შენგელია ხელმძღვანელობს, საჯარო ინფორმაცია 2-ჯერ გამოითხოვა, თუმცა პასუხები ვერცერთხელ ვერ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები