მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის განვითარების კორპორაცია 10 წელში ₾40 მილიარდის პროექტების თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას - გაბრიაძე

ირაკლი გაბრიაძე

"გეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში," - განაცხადა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ, რომელიც კორპორაციის გუნდს დღეს, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართული ეკონომიკის ზრდას და განვითარებას, ესენია: ექსპორტის მხარდაჭერა, ასევე კორპორაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასესხო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვას“ - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

აღსანიშნავია, რომ სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" რეორგანიზაციის და ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" საფუძველზე დაფუძნდა. კორპორაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ირაკლი გაბრიაძე, რომელიც წარსულში სსიპ “აწარმოე საქართველოში”-ს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი კორპორაცია ძირითადად გადაიბარებს იმ პროგრამებს, რომლებიც "აწარმოე საქართველოში"-ს ჰქონდა, რაც ძირითადად ბიზნესის საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში გამოიხატებოდა. გარდა ამისა, კორპორაციამ შესაძლოა გააგრძელოს პირდაპირი სასესხო დაფინანსების გაცემაც, რასაც წარსულში "საქართველოს განვითარების ფონდი" ახორციელებდა, თუმცა ამ მიმართულებით კორპორაციის გეგმების შესახებ ჯერჯერობით თითქმის არაფერი არ არის ცნობილი.

კორპორაციის შესახებ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი ნადარეიშვილი, რომლის თქმითაც კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ენერგეტიკის, ლოგისტიკა-ინფრასტრუქტურის და სხვა სფეროების განვითარების მხარდაჭერაში.

"კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით, ახალი ფინანსური პროექტებით და ახალი მანდატით“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

თავის მხრივ, ახალ კორპორაციასთან დაკავშირებით სკეპტიკური პოზიცია აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითა, რომ ფონდმა თავი უნდა აარიდოს საკუთარი საქმიანობით კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შესვლას და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ფისკალური რისკების წარმოშობას.

IMF-ი აღნიშნავს, რომ ახალი კორპორაცია უნდა ფოკუსირდეს ბიზნესისთვის საკრედიტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, თუმცა აღნიშნული უნდა განახორციელოს ისე, რომ აღნიშნულით ცენტრალური მთავრობისთვის არ შექმნას ფისკალური რისკები და ამავდროულად არ მოახდინოს ბაზრიდან კერძო საკრედიტო დაფინანსების გამოდევნა და ბანკებთან კონკურენციაში შესვლა.

“ახლახან შექმნილმა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ“, რომელიც საერთო სამთავრობო სექტორში შედის და აერთიანებს „აწარმოე საქართველოში“-სა და „საქართველოს განვითარების ფონდს“, ყურადღება უნდა გაამახვილოს ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ბაზრის ხარვეზების აღმოფხვრაზე; ამასთანავე, მან თავი უნდა აარიდოს კომერციული ბანკების ბაზრიდან გამოდევნასა (კონკურენციის შეზღუდვასა) და ფისკალური რისკების შექმნას,”- ნათქვამია IMF-ის დოკუმენტში.

სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ამ კორპორაციის ფისკალურ რისკებს ფინანსთა სამინისტრო ეფექტიანად გააკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში ვეტოს უფლებასაც გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები