"მიმდინარე თვის ბოლოს საქართველოს ნამახვანჰესის განმახორციელებელი კომპანიის „ენკას“ დამფუძნებელი ეწვევა" - ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ მაისში გააჟღერა. თქვა ისიც, რომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორს პირადად შეხვდებოდა და თავად გაერკვეოდა იმ ხელშეკრულებაში, რომელიც სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმდა.
BM.GE-ს ინფორმაციით კი, „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია „ენკას“ დირქტორი საქართველოში რამდენიმე დღის წინ მართლაც იმყოფებოდა. ის მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს და ეკონომიკურ ბლოკს შეხვდა, თუმცა აღნიშნული ვიზიტისა და გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა და არც მთავრობის ადმინისტრაციას და არც კომპანიას ოფიციალური რელიზიც კი არ გაუვრცელებია.
თუმცა bm.ge-ის ინფორმაცია დაგვიდასტურა გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მედიაციის პროცესი იყო, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართულობით იწყება.
„გვაქვს პერმანენტული კონტაქტი მსხვილ ინვესტორთან, აქაც იყო ჩამოსული, მერეც ვეკონტაქტებით... მე პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, შეხვედრის და საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, მათ შორის, მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ისინი სრულად მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, რომ უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისზე, რაც არის მაგალითად, კაშხლის მშენებლობის გადაწევა, ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, ყველა კვლევის გასაჯაროება, რაც როგორც წესი, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნადი არ არის ხოლმე.
გარდა ამისა, ჩვენ 1 თვის წინ შევხვდით ექსპერტებს. ყველა ეს კვლევა 15-მდე ორგანიზაციამ გამოთხოვა და ველოდებით, როდის მივიღებთ რაიმე ისეთ დასკვნას, რაც ინვესტორს უნდა წარვუდგინოთ და შეცვალოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




























