2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 63 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 16.6%-ით არის გაზრდილი.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მთლიან სესხებში 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების რაოდენობა 1.04 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი პორტფელის 1.6%-ია. შედარებისთვის 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის 1.7% იყო ვადაგადაცილებული, შესაბამისად ამ მიმართულებით მცირედი შემცირება აღინიშნება.
1 მილიარდის ვადაგადაცილებული სესხებიდან 270 მილიონი ლარი კორპორაციულ სექტორზე მოდის, 367 მილიონი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე, 166 მილიონი კი მიკრო ბიზნესზე მოდის. ფიზიკური პირების კრედიტებში კი ვადაგადაცილება მხოლოდ 244 მილიონი ლარია.
რაც შეეხება სექტორებს, ვადაგადაცილების წილი ყველაზე მაღალია სამშენებლო კომპანიებზე გაცემულ კრედიტებში, რაც ამ სეგმენტის პორტფელის 4.1%-ს შეადგენს (რაც თანხობრივად 39 მილიონია), ვადაგადაცილების წილით მეორე ადგილზეა რესტორნების, ბარების, კაფეების და სწრაფი კვების ობიექტების სექტორი, სადაც ვადაგადაცილება 4%-ს შეადგენს (თანხობრივად 36 მილიონი ლარი).
ვადაგადაცილების ზრდის ტემპით კი პირველ ადგილზეა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი, სადაც ვადაგადაცილებული სესხების წილი გაორმაგდა და 2.3%-ს შეადგენს (თანხობრივად 94 მილიონი ლარი).
კატეგორია | ვადაგადაცილების წილი | ვადაგადაცილების მოცულობა |
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 4.16% | 39 მილიონი ლარი; |
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 4.04% | 36 მილიონი ლარი; |
ვაჭრობა | 3.54% | 81 მილიონი ლარი; |
სოფლის მეურნეობის სექტორი | 3.40% | 111 მილიონი ლარი; |
ექსპორტიორები | 2.86% | 19 მილიონი ლარი; |
სასტუმროები და ტურიზმი | 2.62% | 80 მილიონი ლარი; |
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2.51% | 63 მილიონი ლარი; |
მძიმე მრეწველობა | 2.38% | 21 მილიონი ლარი; |
უძრავი ქონების დეველოპმენტი | 2.27% | 94 მილიონი ლარი; |
სერვისი | 2.03% | 74 მილიონი ლარი; |
სხვა | 1.84% | 6 მილიონი ლარი; |
ჯანდაცვა | 1.70% | 24 მილიონი ლარი; |
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 1.60% | 12 მილიონი ლარი; |
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 1.53% | 32 მილიონი ლარი; |
წარმოება (სხვა) | 1.42% | 13 მილიონი ლარი; |
უძრავი ქონების მენეჯმენტი | 1.39% | 48 მილიონი ლარი; |
სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1.29% | 24 მილიონი ლარი; |
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 0.92% | 7 მილიონი ლარი; |
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 0.55% | 4 მილიონი ლარი; |
ავტომობილების დილერები | 0.29% | 1 მილიონი ლარი; |
საფინანსო ინსტიტუტები | 0.23% | 2 მილიონი ლარი; |