ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, რომლითაც ენერგეტიკის სექტორში კომპანიებს მილიარდი ლარის ჯარიმებს აპატიებენ, ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას.
"მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც.
კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად 2 მიზანს - ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად", - წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში ჩართულ კომპანიებს დაგროვილი, ჯამში, ერთი მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოეწერება, - იმ დათქმით, რომ საქმეს „სერიოზულად მოეკიდებიან“ და ვადებს არ დაარღვევენ, თუ არადა „ნაპატიები ჯარიმებიც აღუდგებათ“.




























