მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებს, რომლებსაც ჯარიმები ჩამოეწერათ, ახალ მემორანდუმს და პირობებს შესთავაზებს

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერათ.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, ჯარიმის ჩამოწერის შემდეგ, კერძო სექტორს თავისუფლება ექნება პროექტის ეტაპიდან და შინაარსიდან გამომდინარე, თავად განსაზღვროს მისი განვითარებისთვის საჭირო ახალი ვადა.

„ამის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტრო მოახდენს არსებული მემორანდუმის ცვლილებას, განისაზღვრება ახალი გონივრული ვადა და გაფორმდება ახალი მემორანდუმი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საინვესტიციო მოცულობაც დაკორექტირდეს. თუმცა, ჯარიმების პატიება არ იქნება უპირობო, პროექტების ახალი ვადების მონიტორინგი ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოსა და ინვესტორის შორის შედგა შეთანხმება და განისაზღვრა ახალი ვადა, მაგრამ შეთანხმებული ვადები არაობიექტური მიზეზის გამო დაირღვა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღდგება, ასევე დაემატება საურავი, რომელიც დაკავშირებულია ვადაგადაცილებასთან“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ჯარიმების პატიებით ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბარიერი მოიხსნა ბოლო რამდენიმე კვირაა, სამინისტრო აქტიურად ამუშავებს დიდი ოდენობის მომართვიანობას შესაბამისი კატეგორიის მემორანდუმების გაფორმებაზე, რომლებიც ეხება ენერგეტიკული პროექტების კვლევასა და მშენებლობას. ქვრივიშვილი ასევე ამბობს, რომ სექტორთან მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებული მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც პროექტების დიდი ნაწილი შეფერხებული იყო.

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და ესკო-ს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილიც ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმა, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები