"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 2026 წელს თვეში ხელფასის სახით 13 600 ლარს აიღებს, მინისტრის პირველ მოადგილეს ნინო ენუქიძეს 12 000 ლარს, ხოლო მინისტრის დანარჩენ 5 მოადგილეს 11 600 ლარს - ამის შესახებ მთავრობის 37-ე განკარგულებაში წერია, რომელიც ირაკლი კობახიძემ 15 იანვარს გამოსცა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურებები 10%-ით, 3.4 მილიარდ ლარამდე იზრდება. ანაზღაურებების მატება ეხებათ მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებსაც როგორც აღმასრულებელ ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.
დოკუმენტით მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდა, რომელიც 2026 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ამ განკარგულების პირველი დანართის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა 225 ადამიანით განისაზღრა, აქედან 7 მინისტრი და მისი მოადგილეები არიან, ხოლო 174 პირი პროფესიული საჯარო მოხელე, 44 კი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირია.
ეკონომიკის სამინისტროში 225 პირისთვის სახელფასო ჯამური ბიუჯეტი 11 338 000 ლარი იქნება.
ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 2026 წელს ჯამურად ხელფასის სახით 163 200 ლარს აიღებს, ნინო ენუქიძე 144 000 ლარს, ხოლო 5 მინისტრის მოადგილის - გენადი არველაძის, ინგა ფხალაძის, თამარ იოსელიანის, ვახტანგ ცინცაძის და ირაკლი ნადარეიშვილის წლიური სახელფასო ანაზღაურება 139 200 ლარი იქნება.

უწყებაში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების გარდა საჯარო მოხელეების შორის ყველაზე მაღალი ხელფასი პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს აქვთ, რაც ყველაზე მაღალი 9 600 ლარია. ყველაზე დაბალი ხელფასი კი მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტს 720 ლარის ოდენობით.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 18 456 000 ლარით შემცირდა და 928 550 000 ლარი შეადგინა.




























