მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ელექტროსისტემას 6 ეგხ-ს პროექტისთვის ₾21.8 მილიონს გამოუყოფს - განკარგულება

ვანო ზარდიაშვილი

მთავრობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 6 ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის ₾21.8 მილიონის გამოყოფა დაავალა.

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ხელშეწყობისთვის 2026 წელს განსახორციელებელ ღონისძიებების შესახებ მთავრობის 945-ე განკარგულების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრომ მისთვის გათვალისწინებული „სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების პროგრამისთვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან უნდა გამოუყოს.

21 800 000 ლარი დონორი ორგანიზაციების დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე უნდა მიიმართოს:

  • 500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ (EU-NIF, KfW);
  • ჩრდილოეთის რგოლი (EBRD) “ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანური“ (EBRD, EU-NIF, KfW);
  • 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბო“ (WB);
  • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW);
  • კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW);
  • “ხელედულა-ლაჯანური-ონი“ (EU-NIF, KfW).

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აქედან 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტი მოიცავს, როგორც 500 კვ ეგხ "ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობას, ასევე არსებული ქ/ს "წყალტუბო”-ს გაფართოებას 500 კვ-იანი ფრთით. შემდგომში, არსებულ "წყალტუბო-220”-სა და ახალ ქვესადგურ ,,წყალტუბო-500”-ს შორის მოეწყობა კავშირი.

მათი ცნობით, 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობის პროექტს ახორციელებს თურქული კომპანია Bozlar Yapi (Bozlar Yapi Enerji Muhendislik Taahut Bilisim Sanayi ve Ticaret Limit Sirketi);

500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წლის 5 იანვარს; ეგხ-ის მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2027 წლის მეოთხე კვარტალი.

სსე-ს ცნობით, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზების „ხელედულა-ლაჯანური“, „ონი - ლაჯანურის“ მშენებლობაზე 2024 წლის 25 დეკემბერს, სსე-სა და ინდურ კომპანიას - KEC International Limited შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის საერთო ღირებულება 25 657 600 ევროა და მისი დასრულება 2029 წლის იანვარში იგეგმება.

აღნიშნულ პროექტებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში ახორციელებს, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით.

პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებას KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც KfW-ს მეშვეობით გაიცემა. ENIP-ის ფარგლებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.

პროგრამის ფარგლებში აშენდება და გაფართოვდება 7 ქვესადგური და 540 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები მთელი საქართველოს მასშტაბით. სსე (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) პასუხისმგებელია რამდენიმე ქვეპროექტის განხორციელებაზე, საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით. ENIP-ის პროგრამის განხორციელება დაიწყო 2021 წელს და მისი დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი. შედეგად, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, განავითაროს სტაბილური, საიმედო ელექტროგადამცემი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარებას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები