მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის ზრდაზე საუბრისას, მთავრობამ უნდა დაამატოს, რომ ეს ბიზნესმენებმა გააკეთეს - ჭყონია

თემურ ჭყონია წერტილი

„ვფიქრობ, როდესაც მთავრობა საუბრობს, რამდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა, იქვე უნდა დაამატოს, რომ ეს გავაკეთეთ ჩვენ - ბიზნესმენებმა“, - ამის შესახებ თემურ ჭყონიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათის და სამუშაო ადგილების შექმნაში ბიზნესის როლზე საუბრისას განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, თავად ბიზნესმენებმაც უფრო მეტად უნდა გაიაზრონ და ირწმუნონ საკუთარი როლის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების პროცესში.

- თითოეული ბიზნესმენის მიერ სიმართლის თქმა, ვაჟკაცობა და სწორად ცხოვრება, არის ქვეყნის განვითარება და არა - მორგება, ჩაწყობა, „მასთან კარგად ვარ“, „დალაგება“ - ძალიან მეზიზღება ეს სიტყვა... ეს არის ჩამორჩენილობის ნიშანი. საქართველოში, მთავრობები რომ იცვლებიან, ერთმანეთს ეკითხებიან: „მასთან როგორ ხარ“? - კიდევ კარგი, ეს ვითარება შენელდა და იმ დონეზე არაა... მე ხომ ყველას ვიცნობ - საქართველოში ბიზნესმენები მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე ჰგონიათ.

- ბიზნესმენები საკუთარი თავის ფასს ვერ ხვდებიან?

- ხვდებიან, მაგრამ მენტალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როცა მთავრობა ქმნის ბიზნესმენებს, ეს არის კატასტროფა... ერთი საინტერესო თემაა - ოდესღაც თანამედროვე ქართველი ბიზნესმენები სხვების წინაპრები იქნებიან და ამაზე უნდა იფიქრონ; ყველა შთამომავალს სასახელო წინაპარი უნდა... ბიზნესმენებმა უნდა შექმნან ქვეყანა და არა მთავრობებმა - ბიზნესმენები. არ შეიძლება, მთავრობა ქმნიდეს ბიზნესმენს.

- საქართველოში როგორ ხდება?

- დღეს, ბიზნესმენების, დაახლოებით, 70%-მდე არის <მთავრობასთან> კომბინაციაში... არიან ნიჭიერი ბიზნესმენები, მაგრამ თავიანთი წარმატების გზა მორგებაზე აქვთ ორიენტირებული; ეს მე არ მიყვარს - ბიზნესმენი თვითმყოფადი უნდა იყოს.

- შეიძლება, ფრთხილები არიან, იციან რა, როგორ ქვეყანაში აკეთებენ ბიზნესს... საქართველოში ხომ ინსტიტუციები მყიფეა...

- შეიძლება... შემიმჩნევია, რომ ჩვენი კომპანიები ბიუროკრატიასთან ურთიერთობიასთან უფრო ნელა აღწევენ შედეგებს, სხვები - სწრაფად... შეიძლება, შენ უფრო სწრაფი და ნიჭიერი ხარ, ამიტომაც უფრო ჩქარა აკეთებ რაღაც საქმეს, მაგრამ ეს სხვა თემაა, როცა პირობები თანაბარია; არ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ბიზნესმენები... პრივილეგია უნდა იყოს ჭკუა, დისციპლინა და შრომა და არა - ურთიერთობები.

- რა ხდის ბიზნესმენს ბედნიერს? რა თქმა უნდა, მაღალი შემოსავლების და მოგების შემდეგ...

- შეიძლება, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემ მიერ შექმნილ წარმოებაში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახები ბედნიერები არიან, ყიდულობენ მანქანებს, დადიან დასასვენებლად და ა.შ. ბიზნესმენისთვის სამუშო ადგილების შექმნა არის მთავარი, ხოლო ბედნიერი სამუშაო ადგილების შექმნა უფრო რთული და მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები