მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის ზრდის ინდიკატორები აგვისტოშიც ძლიერია - ყოველკვიურეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მთავარი ეკონომისტი
22.08.24 12:29
649

თიბისის ოპერატიული მონაცემებით, წინა თვეების მსგავსი, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა აგვისტოშიც ნარჩუნდება, რაც ჩვენს წლიურ 7.4%-იან საბაზო სცენართან შედარებით უფრო მეტ ზრდაზე მიუთითებს. ფაქტორების კუთხით კი, კვლავ ტრადიციული, მიგრაციის ეფექტის გარეშე ტურიზმი პრევალირებს.

წმინდა სავალუტო შემოდინებები, ივნისის სარეკორდო ნიშნულის შემდეგ, ივლისშიც მაღალია, თუმცა, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, სავაჭრო ბალანსის გაუარესების გამო წინა თვეს მცირედით ჩამორჩება. თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც შესუსტებულია, რის მიზეზსაც არა ტრანზაქციების, ანუ მიგრანტთა რაოდენობის, კლება, არამედ შემცირებული საშუალო ხარჯი წარმოადგენს, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში. მსგავსი სურათი იკვეთება შემოსავლების მხრივ სწრაფი ფულადი გზავნილების მონაცემებშიც, რომელთა თანახმადაც ივლისში რუსეთიდან საშუალო გზავნილის მოცულობამ 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გზავნილების რაოდენობა ომამდელ პერიოდზე მნიშვნელოვნად მაღალი რჩება.

ლარის კურსის მხრივ, ტრადიციულად, სენტიმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, ამ მხრივ კურსზე ზეწოლა არ იკვეთება. აღსანიშნავია, რომ, თუ ბაზარზე არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები დამკვიდრდა, ეს მოლოდინები კურსზე გარკვეულწილად მაინც არჩევნებამდე აისახება. ამასთან, გასათვალისწინებელია ძლიერი სავალუტო შემოდინებების საპირწონეც. საერთაშორისო ფაქტორებიდან საყურადღებოა, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების გაზრდილი მოლოდინების შედეგად, აშშ დოლარის ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურება, რაც თანხვედრაშია ჩვენს საბაზო სცენარსა და ბოლოდროინდელ რეკომენდაციებთან საცხოვრებელი უძრავი ქონებისა და სხვა სექტორებში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის თაობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები