თიბისი კაპიტალი 2024 წელს საქართველოში 6%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები ქვეყანაში არსებულ ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, ხოლო თებერვალში დაფიქსირებული 9.5%-იანი ეკონომიკური მატება ბანკის მოლოდინებსაც აღემატებოდა.
"სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით გამოვყოფდით წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალ ფისკალურ სტიმულს და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებით გაუმჯობესებას. თავისთავად, მორიგი მობილიზაციის ტალღისა და არასტაბილურობის რისკის ზრდის ფონზე, პოზიტიურ ეფექტებზე საუბარი უხერხულია, თუმცა მიგრაციის ეფექტის მთლიანობაში დადებითი ეკონომიკური ზეგავლენა სახეზეა.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ 2024 წლისათვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი 6%-ს აღემატება. უფრო მეტი ანალიტიკით, ჩვენს მკითხველებს თიბისი კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ განახლებაში დავუბრუნდებით,"- ნათქვამია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.