მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოებამ და ექსპორტმა მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

თოდრაძე

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ივლისში დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი იყო, სადაც ზრდა, ძირითადად, ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებას უკავშირდებოდა, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მთლიანობაში ივლისში ზრდა 8%-ს შეადგენდა.

მისი თქმით, 2026 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ დამმუშავებელმა მრეწველობამ იქონია, საიდანაც წელს განსაკუთრებით ნავთობის გადამუშავების მიმართულება და ექსპორტი გააქტიურდა. თუმცა, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს არ დაუკონკრეტებია უშუალოდ რამდენი პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა ნავთობის გადამუშავების მიმართულებამ ზრდაზე.

"რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში: დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებას და მეტალურგიულ მრეწველობას უკავშირდება. ნავთობპროდუქტების წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთას, გაზოილის, მაზუთის წარმოების მაჩვენებლები. აქვე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25-ჯერ გაიზარდა აღნიშნული დასახელების ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ძირითადად აფრიკის რამდენიმე ქვეყნის და სინგაპურის მიმართულებით,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საქართველოში ნავთობპროდუქტების გადამუშავება 2025 წლის ბოლოდან, კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყების შემდეგ გააქტიურდა.

საქსტატის თანახმად, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან სულ 543 მილიონი დოლარის ღირებულების 778 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 4000%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები