მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ლარის გაუფასურება, ინფლაციური რისკების ზრდა - საზოგადოება და ბანკების მოლოდინები

საზოგადოება და ბანკები

"საზოგადოება და ბანკების" შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მივიღოთ გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს.

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 40%-ით შემცირდა 966 მლნ. აშშ დოლარამდე, 2024 წლის პირველი სამი კვარტალის მდგომარეობით და მოსალოდნელია შემცირება გაგრძელდეს მომდევნო პერიოდებში. ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები) რაც აისახა ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და შექმნა გაუფასურების მოლოდინი. მეორე მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე მოსალოდნელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რაც შეასუსტებს მსყიდველუნარიანობას და ერთობლივ მოთხოვნას",- ამბობენ "საზოგადოება და ბანკებში".

"საზოგადოება და ბანკებში" აღნიშნავენ, რომ სებ-ის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად მუდმივად ვერ გაგრძელდება.

"იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების არსებული პოლიტიკა გაგრძელდება მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ლარის მკვეთრი გაუფასურება, ინფლაციური რისკების ზრდა რაც გადაითარგმნება გაზრდილ უმუშევრობაში და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. 2025 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.875 შეადგენს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში. ეროვნული ბანკის მიერ მართული ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეზღუდულია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება მხოლოდ მცირე ხნით გადაავადა. ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების აქტიურმა გამოყენებას ჰქონდა მოკლევადიანი ეფექტი და შეარბილა გაუფასურება, მაგრამ რეზერვები მნიშვნელოვნად გაიხარჯა და კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რაც ქვეყნის მდგრადობაზე, და რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, ასევე ინვესტორების მხრიდან შემცირებულ ნდობაში გადაითარგმნება",- აღნიშნულია შეფასებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იმისათვის, რომ იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა.

"არსებულ ვითარებაში, შესაძლოა საჭირო იყო „ხელისუფლებისათვის არაპოპულარული“ და „დამოუკიდებელი“ გადაწყვეტილების მიღება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან ერთად ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ხარჯვის შემცირება",- აღნიშნავენ საზოგადოება და ბანკებში.

ამასთან, "საზოგადოება და ბანკებმა" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 187 632 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე, უცვლელად დატოვა. შესაბამისად, 187 632 მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები