მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეკონომიკური და ობლიგაციების აქტივობა წელს ძალიან შენელებული იქნება" - ობლიგაციების ბაზრის ძირითადი ტენდენციები

ენერგეტიკული ბირჟა

შარშანდელი მაღალი აქტივობის შემდეგ, 2025 წელი ისე დაიწყო რომ ჯერჯერობით ქვეყანაში ობლიგაციების ემისია არ ყოფილა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პირველი კვარტალის სტატისტიკა როგორც წესი ტენდენციას არ ასახავს, თუმცა მაინც ვცადეთ გარკვევა - რა გავლენა ექნება პოლიტიკურ კრიზისსა და ქვეყნის იზოლაციის მზარდ რისკს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლისთვისაც შარშანდელი წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

როგორი იყო 2024 წელი?

2024 წელს მაღალი აქტივობის შემდეგ 2025 წელი ისე დაიწყო, ჯერჯერობით, ქვეყანაში ობლიგაციების ემისია არ ყოფილა. გასული წლის შედეგებს რაც შეეხება 2024-ში 11-მა ქართულმა კომპანიამ ჯამში 570 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ემისია განახორციელა.

“შარშან საჯარო ობლიგაციების ბაზარი დაახლოებით 600 მლნ ლარამდე გაიზარდა, სულ 21 განთავსება გვქონდა. "თიბისი კაპიტალი" ამ ობლიგაციების უმეტესობის გამოშვებაში იღებდა მონაწილეობას. ასევე აქტიური იყო წელი ევროობლიგაციების გამოშვების კუთხითაც. სამმა ქართულმა კომპანია გამოუშვა ევროობლიგაცია ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ასევე გვქონდა კერძო განთავსებებიც. ასე რომ 2024 წელი გამოირჩევა აქტიურობით და იმედია, 2025 წელი კიდევ უფრო მსხვილი განთავსებები იქნება", - ამბობს "თიბისი კაპიტალის" საინვესტიციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი თინა სიმონიშვილი.

გაგრძელდება თუ არა ტრენდი 2025 წელსაც ამის ამის თქმა რთულია, მთავარ რისკი პოლიტიკური კრიზისი და სანქციების მოლოდინის ფონზე იზოლაციის მზარდი საფრთხეა.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის შეფასებით, პირველ კვარტალში ობლიგაციების ბაზარზე აქტივობა როგორც წესი დაბალია, თუმცა ტენდენციის შემობრუნებას უახლოეს პერიოდში არ ელოდება. მელიქიძე ეჭვობს, რომ ემისიების კუთხით გასული წლის შედეგის გამეორება გაჭირდება. საინვესტიციო მიმართულებით მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილებით ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ უარყოფითი მოლოდინის მიზეზი სწორედ პოლიტიკური ვითარებაა, რომელმაც ეკონომიკაზე გავლენა იქონია.

ზოგადად, ეკონომიკური და ობლიგაციების აქტივობა წელს იქნება ძალიან გართულებული და შენელებული. ობლიგაციებს სჭირდება მყიდველი. აქეთ მხარეს არის ემიტენტი, ხოლო მეორე მხარეს მყიდველი. მეორე მხარეს პრობლემა გვაქვს. ემიტენტების შემთხვევაში ლარში ძვირია ფული. დოლარშიც ვხედავთ, რომ საპროცენტო განაკვეთები ისე ძალიან ქვემოთ ვეღარ წამოვა გლობალურად, რადგან ამერიკაში მაღალი ინფლაცია გამოვიდა. რის გამოც დოლარში საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალ ნიშნულზეა”, - ამბობს მელიქიძე.

2024 წლის მდგომარეობით ქართული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა, აქედან დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე მოდიოდა, ხოლო 675 მილიონი ლარი ლარში დენომინირებულ ემისიებზე. წინა წლების მსგავსად, ობლიგაციების ბაზარი კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა 31%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში ემიტენტების მხრიდან გაიზარდა ინტერესი ევროში დენომინირებული ობლიგაციების მიმართ, რის შედეგადაც 2024 წლის მდგომარეობით 128 მლნ ლარის მოცულობის ევროში დენომინირებული ობლიგაციები იქნა გამოშვებული.

„კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია ამბობს, რომ ბონდების გამოშვების დიდი გამოცდილების მიუხედავად, წელს კომპანია ობლიგაციების გამოშვებას არ გეგმავს.

წელს არ ვაპირებთ ამ ბაზარზე მუშაობას. მიზეზი ძალიან მარტივია. სულ ახლახან ავიღეთ მიკრობანკის ლიცენზია, ბევრი სამუშაო გვიწევს და ემისია როგორც წესი კიდევ დამატებითი ტვირთია. თან ჩვენი რეპორტინგის ვადებს კიდევ უფრო აქეთ გადმოწევს. წელს კლასიკური დაფინანსების გზით მივდივართ, რაც არის სესხები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ე.წ ინტერ ბანკ სესხები ადგილობრივებიდან და ასევე აქტიურად ვცდილობთ განვავითაროთ დეპოზიტები ადგილობრივ ბაზარზე", - ამბობს ის.

Foresight Investment Group-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე “საქმიანი დილის” ეთერში ამბობს, რომ ემისიების ზრდისთვის ლიკვიდური მეორადი ბაზრის შექმნა აუცილებელია. რაც ნიშნავს, რომ მყიდველს ფასიანი ქაღალდის გადაყიდვის შესაძლებლობა ობლიგაციის ვადის გასვლამდეც უნდა ჰქონდეს, რაც ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას მეტად წაახალისებს.

“ჩემი აზრით, ტენდენცია მზარდი იქნება, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელზეც ჩვენც “ფორსაიტიც” ვთვლით, რომ ჩვენი როლი მანდ მნიშვნელოვანი იყოს და აქტიურად ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან. ობლიგაციების შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ლიკვიდური მეორადი ბაზარი სხვა შემთხვევაში რთული იქნება, რომ ბანკების გარდა ვინმე სხვამ შეისყიდოს ეს ობლიგაციები. მოთხოვნა უკვე ისეთი გაჩნდება ბაზარზე რომ კომპანიებისთვისაც მეტად ხელსაყრელი იქნება ობლიგაციების ემისია. როგორც კი ლიკვიდური მეორადი ბაზარი შეიქმენა და მოთხოვნა გაიზრდება ბანკების გარდა სხვა სუბიექტების მხრიდან, მაშინვე კიდევ უფრო მეტი ემისია იქნება და ეს უვე რეალურად შექმნის ჯანსაღ და ფუნქციურ ობლიგაციების ბაზარს”.

თიბისი კაპიტალის საინვესტიციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ემიტენტების მხრიდან ბაზარზე მოთხოვნა დიდია. თინა სიმონიშვილის თქმით, მაღალია ინვესტორების 2-3 წლიან ობლიგაციებში თანხის განთავსების დაინტერესებაც, რასაც გლობალურად საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი ახალისებს.

ზოგადად, 2025 წელი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. 2024 წლიდანაც გადმოგვყვა ბევრი პროექტი. წელსაც გვემატება ახალი პროექტები, გვყავს როგორც არსებული, ისე ახალი ემიტენტები, რომლებიც ბაზარზე შემოდიან. პირველ კვარტალს რაც შეეხება, ეს ტენდენცია ყოველ წელს არის ის, რომ იანვარ-თებერვალი საკმაოდ პასიურია ხოლმე. თუმცა, აქვე დავაანონსებ, რომ შემდეგ კვირაში ერთი ახალი ობლიგაციით გამოვალთ ბაზარზე და ვგეგმავთ, რომ მარტის დასაწყისში განვათავსოთ”, - ამბობს სიმონიშვილი.

2024 წელს ობლიგაციების ბაზარს ექვსი ახალი ემიტენტი შეემატა. ემისიების 66% დოლარზე მოდის, 20% - ლარზე, 14% კი ევროზე. შარშან ადგილობრივ ბაზარზე ისტორიულად ყველაზე მეტი 21 საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისია იყო. 2024 წელს ემიტენტებს შორის იყვნენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა: Silk Real Estate; Tegeta Motors; Nikora Trade. სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი ობლიგაცია ფინანსების; მანქანების და ენერგეტიკის სექტორებშია გამოშვებული.

“მყიდველების ნაწილში კიდევ უფრო რთულია ობლიგაციებში ინვესტირება. ვინ არიან ობლიგაციების მყიდველები ინსტიტუციურ ნაწილში? ეს არის საპენსიო ფონდი, რომელიც ყველაფერს ვერ იყიდის. მისი მანდატი საშუალებას არ მისცემს და არ იყიდის. არიან დეპოზიტარები, რომლებიც ისეც დოლარიზაციისკენ არიან მიდრეკილები, რადგან ქვეყანაში მიმდინარე კრიზისი გვაქვს და დოლარში ინვესტირება მათთვის უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე ლარში. თუ ლარში ინვესტირებას განიხილავენ საკმაოდ მაღალი პრემიუმით გააკეთებენ ამას, რადგან ქვეყანაში ფული ძვირია. მე თუ ფული მოვიზიდე ძვირად, მაშინ ეკონომიკური ზრდა უნდა მქონდეს, რომ შემდეგ ეს ძვირად მოზიდული ფული გადავიხადო. თუ ეს კრიზისი გაღრმავდა რა ობლიგაციების ბაზარზე ვსაუბრობთ?! ” - ამბობს მელიქიძე.

პოლიტიკური კრიზისი სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში

პოლიტიკური ვითარება ადგილობრივი ეკონომისტების გარდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ფოკუსშიც ხვდება. ბოლო განახლებისას S&P-მ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეუარჩუნა, პერსპექტივაც სტაბილური დაუტოვა, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ შეღავათიანი დაფინანსებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, რაც ეკონომიკის ზრდას, საგადასახდელო ბალანსს, საერთაშორისო რეზერვებსა და საჯარო ფინანსებს საფრთხეს უქმნის.

უფრო მკაცრი შეფასება ქვეყანამ Fitch-ისგან მიიღო, როცა გასული წლის ბოლოს სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი, BB დონეზე შეუნარჩუნა და პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურისკენ გააუარესა. მიზეზად კი ანგარიშში მნიშვნელოვნად გაზრდილი პოლიტიკური რისკი, დასავლელ პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი და შემცირებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვებია დასახელებული.

ეკონომიკური სიტუაცია რამდენად გაუარესდება, პირველ რიგში, მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე მაღალი დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებზე აქვს.

2023 წელს, ევროკავშირიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან სხვადასხვა გზით მიღებული ფინანსური რესურსები ქვეყნის ეკონომიკის 30%-მდე იყო. ამ დროის მონაცემებით ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობა ქვეყანაში გაერთიანების ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა;

დიდმა ბრიტანეთმა ქართველი მაღალჩინოსნები დაასანქცირა; აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების და ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, უცვლელია საქართველოსთან დაკავშირებით დემოკრატიული პარტიის გადაწყვეტილებები, რომლის საფუძელზეც აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს და ქართული ოცნების ასზე მეტი მაღალჩინოსანი, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები