მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ჩინეთი იქნება, რომელიც ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებს გაასაჯაროებს. მათ შორის იქნება მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ეკონომიკური ზრდის შეფასება. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდში ქვეყნის მშპ-ის მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, ჩინეთი უმუშევრობის, დასაქმების, ინდუსტრიული წარმოებისა და საცალო გაყიდვების სტატისტიკასაც წარმოადგენს.
მომავალ კვირას ანალოგიურ სტატისტიკურ მონაცემებს გაასაჯაროებს მეორე აზიური გიგანტი, იაპონიაც.
რაც შეეხება დასავლეთ ნახევარსფეროს, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ინფლაციის დონესთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემებს გაასაჯაროებს. სავარაუდოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.3% იქნება.
ინფლაციასთან დაკავშირებით სტატისტიკას გავიგებთ დიდ ბრიტანეთთან მიმართებითაც, სადაც პროგნოზის მაჩვენებელი 6.5%-ს შეადგენს.
აშშ-სთან მიმართებით მომავალი კვირა შედარებით წყნარი იქნება. ცნობილი გახდება საცალო სექტორის გაყიდვების, ინდუსტრიული წარმოებისა და უძრავი სექტორის ბრუნვის მაჩვენებლები.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სიახლეებს გაავრცელებს კანადის სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც, რომელიც გაყიდული სახლებისა და ბინების მონაცემებს წარმოადგენს.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- საარსებო მინიმუმი (2023 წლის სექტემბერი)
- გენდერული სახელფასო სხვაობა (2022 წელი)
- ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2023 წლის აგვისტო)
- არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების გამოკვლევის შედეგები (2022 წელი)
- საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგები (2022 წელი)
- საგარეო ვაჭრობა (2023 წლის სექტემბერი)
- ადგილობრივი ექსპორტი (2023 წლის სექტემბერი)
- სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2023 წლის სექტემბერი)
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2023 წლის სექტემბერი)
- მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2023 წლის სექტემბერი)
- ექსპორტის ფასების ინდექსი (2023 წლის სექტემბერი)
- იმპორტის ფასების ინდექსი (2023 წლის სექტემბერი)
- ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2023 წლის სექტემბერი)
- სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2023 წლის სექტემბერი)
- ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2023 წლის სექტემბერი)
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2023 წლის სექტემბერი)