მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეკონომიკური საბჭოს მდივნის საქმიანობა, შესაძლოა, ანაზღაურებადი იყოს“ - მთავრობის დადგენილება

ეკონომიკური საბჭო

ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრაში ცვლილებები შევიდა. 24 ივნისის მთავრობის 231-ე დადგენილების მიხედვით, იზრდება ეკონომიკური საბჭოს წევრების რაოდენობა და მას ერთი წევრი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საბჭოს მდივნის პოზიციაზე დაემატა. ამასთან, შესული ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური საბჭოს მდივნის საქმიანობა, შესაძლოა, ანაზღაურებადი იყოს.

საქმე ის არის, რომ 24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და ამავე დროს ეკონომიკურ საბჭოს მდივნად გადაიყვანეს. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად მიიღეს, რისთვისაც ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები და შემადგენლობა გადაიხედება.

„როგორც მოგეხსენებათ სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული, ამ რუტინისგან განთავისუფლება ლევან დავითაშვილს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცვლილებების მიხედვით, აქამდე ეკონომიკური საბჭოში პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სუს-ის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შედიოდნენ, ცვლილებების მიხედვით კი წევრების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა და შემადგენლობას პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - საბჭოს მდივნად დაემატა.

ამასთან, საბჭოს მუშაობაში განსახილველი თემიდან გამომდინარე მონაწილეობა სთხოვენ მთავრობის სხვა წევრები, პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, ბიზნესომბუდსმენი და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელი პირებს. ეკონომიკური საბჭოს მოწვეული წევრებში თუ ადრე მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ, ახლა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები არიან.

ცვლილება შედის ეკონომიკური საბჭოს დებულებაშიც, სადაც კორექტირება შედის მეხუთე მუხლში და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფის გარდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე საბჭოს ფინანსური უზრუნველყოფაც გაიწერა. მე-5 მუხლის ქვეპუნქტად გაიწერა, რომ საბჭოს მდივნის საქმიანობა, ანუ ლევან დავითაშვილის, შესაძლოა ანაზღაურებადი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები