მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური თავისუფლებით ვუსწრებთ NATO-ს 19 და EU-ს 16 სახელმწიფოს - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი
BM. GE
24.09.23 23:16
12

"ეკონომიკური თავისუფლების დონით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. ამრიგად, ჩვენ ვუსწრებთ ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 

Fraser-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო 27-ე ადგილიდან 25-ე პოზიციაზე დაწინაურდა. Fraser-ის ინსტიტუტი ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს და ის ორი წლის წინანდელ ვითარებას, ანუ 2021 წელს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ თავისუფლების დონეს აფასებს.

შესაბამისად, ანგარიშში დაწინაურება ეხება 2021 წლის პერიოდს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2020 წელს დაწესებული მკაცრი COVID ეკონომიკური და საზოგადოებრივი რეგულაციები ჯერ შემსუბუქდა, შემდგომ კი ფაქტობრივად მოიხსნა.

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულია ხუთი პარამეტრი: ეკონომიკურ პროცესებში მთავრობის ჩართულობის წილი, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლება, ვალუტის სიმყარე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები. საქართველოს შედეგი გაუმჯობესებულია მთავრობის ზომის და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით. გაუარესებაა ვალუტის სიმყარის და რეგულაციების თვალსაზრისით.

კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს პოზიციები ასე ნაწილდება:

  • მთავრობის ზომა - 7.40 ქულა, გაუმჯობესება 0.2 ქულა;
  • სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები - 6.33 ქულა, ქულა უცვლელია;
  • ვალუტის სიმყარე - 8.74 ქულა, გაუარესება 0.39 ქულა;
  • საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება - 8.67 ქულა, გაუმჯობესება 0.49 ქულა; 
  • რეგულაციები - 7.40 ქულა, გაუარესება 0.01 ქულა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების შედეგები ასეთია:

  • რუსეთი - 104-ე პოზიცია;
  • აზერბაიჯანი - 122-ე ადგილი;
  • თურქეთი - 101-ე ადგილი;
  • სომხეთი - 33-ე ადგილი.

რეიტინგში, რომელიც 165 ქვეყანას აერთიანებს, პირველ ადგილს სინგაპური, ბოლოს კი – ვენესუელა იკავებს.

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო ლატვიასთან ერთად 25-ე ადგილს ინაწილებს. 2020 წლის მონაცემებით საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 27-ე, 2019 წელს კი 22-ე ადგილზე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები