მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ქცევით იმედგაცრუებულია. პაპუაშვილის განცხადება გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალის“ გადადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ პოზიციას მოჰყვა.

„სიმართლე გითხრათ, მართლაც იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომელმაც უბრალოდ ქართველ ხალხს, ამ ქცევით, გვაჩვენა თუ როგორ განგვიხილავს ჩვენ, რომ დედის გინებაა ჩვენი კულტურა, მონას ძახილია ჩვენი კულტურა, ფაშიზმი და გინება ყოფილა ქართული კულტურა. ეს გაიგო ამ ადამიანმა საქართველოსგან?! მერე გამოდის და დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს?!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობის იმ პოზიციას მოჰყვა, სადაც საელჩომ სინანული გამოთქვა 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალის“ უსაფრთხოების მოსაზრებების გამო გადადების გამო.

ფესტივალის ორგანიზატორმა, „დანიის კულტურის ინსტიტუტმა“ ღონისძიების გადადების მიზეზად უსაფრთხოების რისკები დაასახელა. ფესტივალის დაანონსების შემდეგ მისი მონაწილე მუსიკოსი KORDZ-ი და „დანიის კულტურის ინსტიტუტი“ სამთავრობო მედიისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა კრიტიკის სამიზნე გახდნენ.

ევროკავშირის საელჩომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ 30 წელია მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში და მტკიცედ სჯერა შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები