მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU-ში გაწევრიანება საქართველოს ნებაყოფლობითი სურვილია, მანვე უნდა აჩვენოს, რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“ - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ნებაყოფლობითი არჩევანია და სწორედ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ გაწევრიანების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ამის შესახებ დიპლომატმა ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ელჩის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს, ხოლო გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

„საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. რიგი გაფართოების ანგარიშები ატყობინებდა საქართველოს ხელისუფლებას, თუ რა არის საჭირო იმის გასაკეთებლად, რომ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულიყო. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დე ფაქტო გაჩერებულია.

გასული წლის განმავლობაში საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით, სწრაფი ეროზიაა კანონის უზენაესობის მიმართულებით და არის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ყველაფერი ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მიიღეს საქართველოში. გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული მხარე კვლავ მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს, თუმცა პროცესის განახლება სრულად ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და დემოკრატიული უკუსვლა იყო. ამის საპასუხოდ 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები