2012-2016 წლებში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა ძირითადად საგარეო პოზიტიური შოკებითა და „ბუღალტრული“ მაჩვენებლებით არის განპირობებული, რაც მოსახლეობის რეალურ კეთილდღეობაზე სრულფასოვნად ვერ აისახება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტრუქტურა და მისი ცხოვრების დონეზე გავლენა იყო.
თენგიზ შერგელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ დამფუძნებელია და ვიდრე ხელისუფლება ქვეყანაში უცხოური გრანტების მიღებას, ფაქტობრივად, აკრძალავდა, დონორების დაფინანსებით, სხვადასხვა კვლევებს ახორციელებდა. დღესდღეობით, საქართველოს განვითარების პლატფორმას” მიმდინარე პროექტი არ აქვს. ორგანიზაცია უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელთა რეესტრშიც არის დარეგისტრირებული.
[გრანტების აკრძალვის კანონებმა] ბევრი რამ გააფუჭა, სანაცვლოდ რა მოიტანა - პასუხი არ მაქვს|ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან
თენგიზ შერგელაშვილის აზრით, ქვეყანა მოექცა „საშუალო შემოსავლების ხაფანგში“, სადაც ღრმავდება სექტორული, სოციალური და გეოგრაფიული ასიმეტრიები, ხოლო საშუალო ფენის მოწყვლადობა კვლავ მაღალი რჩება.
ის არსებული ვითარებიდან გამოსავალს ეკონომიკური პოლიტიკის ტექნოკრატიზაციაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში მიზნობრივი სახელმწიფო ინვესტიციების ეტაპობრივ ზრდასა და პროფესიონალური დისკუსიების აღდგენაში ხედავს.
ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან
- საქართველოს ეკონომიკა იზრდება, სიღარიბე მცირდება, საშუალო ხელფასიც მატულობს, თუმცა რამდენად მიდის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათი საზოგადოების უმრავლესობამდე და ამ „ბედნიერი რიცხვების“ მიღმა რამდენად ბედნიერია მოსახლეობა?
- დავიწყოთ იმით, რომ ტენდენციები, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, ეკონომიკური განვითარების სინონიმი არ არის - ეკონომიკური განვითარება გაცილებით ღრმა ცნებაა. ჩვენს კვლევაში - „ეკონომიკური ზრდა და მისი გავლენა ცხოვრების დონეზე საქართველოში” - ყურადღება სამ ძირითად ასპექტზე გავამახვილეთ: რა ემართებათ სოციალურ ჯგუფებს, გეოგრაფიულ არეალებსა და ცალკეულ სექტორებს „ბუღალტრული“ ზრდის პირობებში. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა თავისთავად ბუღალტრული მოვლენაა, თუ მას ეკონომიკაში სტრუქტურული გარდაქმნები არ მოჰყვა. დიახ, 2004 წელთან შედარებით აბსოლუტური სიღარიბე 35%-იდან 7%-მდე შემცირდა, მაგრამ ფარდობითი სიღარიბე გაცილებით ნელა მცირდება. მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით თუ ავიღებთ, მკვეთრად შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც დღეში 3 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, თუმცა 4.2-დოლარიან და განსაკუთრებით 8-დოლარიან ზღვართან შედარებით შემცირება გაცილებით ნაკლებია… შესაბამისად, უთანასწორობა ყველაზე მდიდარსა და ღარიბ ჯგუფებს შორის კვლავ ძალიან მაღალია. ჩვენი გაანგარიშებით, დღეს დასაქმებულთა დაახლოებით, 48-49% „დასაქმებული ღარიბია“. შემოსავლების სამსახურის (RS.GE) მონაცემების დამუშავებით გამოჩნდა, რომ ბოლო 10 წელიწადში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც 1000-დან 4000 ლარამდე ხელფასს იღებს, სამჯერ გაიზარდა (ხოლო ბოლო 4 წელში - ორჯერ). ეს პოზიტიური ტენდენციაა, თუმცა ამ ჯგუფის მოწყვლადობა მაღალია - მცირე გაუთვალისწინებელმა ხარჯმაც კი შესაძლოა, ისინი ისევ სიღარიბეში დააბრუნოს. ამავდროულად, გაცილებით სწრაფად გაიზარდა ეგრეთ წოდებული „ელიტარული ჯგუფი“ სამი ძირითადი სექტორიდან: საფინანსო, IT და სამშენებლო სფეროებიდან. აქედან გადავდივართ მესამე - გეოგრაფიულ ასიმეტრიაზე. თბილისსა და ბათუმში მაჩვენებლები ძალიან მაღალია, ხოლო რეგიონებში - მკვეთრად დაბალი. ეს ეხება როგორც ერთ სულ მოსახლეზე წარმოებულ მშპ-ს, ისე საბანკო სესხებს, ინვესტიციებსა და ტურიზმსაც კი. ხშირად ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობა მშპ-ის მხოლოდ 5-6%-ია და დიდ როლს არ ასრულებს ეკონომიკაში, მაგრამ მთლიანი ქვეყნის მაჩვენებელი ცალკეულ რეგიონებს ფარავს: კახეთში, შიდა ან ქვემო ქართლში აგრარული სექტორის წილი 30-35%-ს აღწევს. ამ სექტორს ახლავს ე.წ. Input-Output სერვისები, რომლებიც არააგრარული სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. ამიტომ სოფლის მეურნეობის იგნორირება არ შეიძლება. ეს არის ღრმა, სისტემური პრობლემები, რომლებიც მხოლოდ მოქმედი ან წინა ხელისუფლების პერიოდს არ უკავშირდება - ის თავიდანვე ჩადებული ხარვეზია. დღეს იდეოლოგიური ახირებები - ლიბერტარიანული თუ ულტრამემარცხენე - უკვე მოძველდა. საჯარო მმართველობაში ყოველი ნაბიჯი დათვლადია: დანახარჯი, პირდაპირი ეფექტი, გვერდითი ეფექტი და მულტიპლიკატორი. ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვა, იმპლემენტაცია და შეფასება ბევრად უფრო ტექნოკრატიული უნდა გახდეს.
- მთავრობა ხშირად იწონებს თავს ბოლო პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელსაც სწორი ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. იზიარებთ თუ არა იმ ეკონომისტების მოსაზრებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ზრდა ძირითადად საგარეო ფაქტორებითა და პოზიტიური შოკებით არის გამოწვეული?
- რასაკვირველია, უკრაინის ომის შემდეგ მიგრაციულმა და ფულადმა ნაკადებმა, ცალკეული სექტორების (IT, მშენებლობა) “აფეთქებამ” გამოიწვია ე.წ. პოზიტიური საგარეო შოკი. კოვიდის შემდგომ ბუნებრივ აღდგენას დაემთხვა ეს პროცესიც. ქვეყანაში სტაბილურობისა და ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შენარჩუნებამ ხელი შეუწყო იმას, რომ ამ ნაკადებმა საქართველოზე გაიარა, თუმცა მაგალითად, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ან მიგრანტების მიერ უძრავი ქონების შესყიდვა ვერანაირად ვერ ჩაითვლება საქართველოს მთავრობის დამსახურებად. ამიტომ ეკონომიკის ზრდის მიწერა ხელისუფლების განსაკუთრებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე არასწორი იქნებოდა. მთავარია, ხელისუფლებამ ეს დროებითი უპირატესობა და რესურსი ხელიდან არ გაუშვას და სტრუქტურული გარღვევებისთვის გამოიყენოს.
- ეტყობა მთავრობას შესაძლებლობების გამოყენების?
- საუბარს უფრო ეტყობა… ჩვენი კვლევის მიხედვით, საქართველო შევიდა ეგრეთ წოდებულ „საშუალო შემოსავლების ხაფანგში“. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გადავასწარით, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებს მკვეთრად ჩამოვუვარდებით, რადგან დაბალია შრომის პროდუქტიულობა, კაპიტალიზაცია, განათლების დონე და ინფრასტრუქტურის ხარისხი. თვისებრივი ნახტომისთვის უნდა გადავხედოთ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ხარჯები მშპ-ის 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ ევროპის უკიდურესობაში (49-55%) არ უნდა გადავვარდეთ, მაგრამ შესაძლებელია, 8-10-წლიანი გეგმის შემუშავება. ბიუროკრატიული აპარატი უნდა შემცირდეს, ხოლო სახელმწიფოს ინტერვენცია განათლებასა და ინფრასტრუქტურაში - გაიზარდოს. ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯები, შესაძლოა, ეტაპობრივად მშპ-ის 40%-მდეც ავიდეს. მთავარია ოპტიმალური გაანგარიშება: რა არის ეკონომიკიდან ამოღებული ფულის მულტიპლიკატორი და რა - მისი დახარჯვის ეფექტი. მაგალითად, დაბალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტიდან მიღებული შემოსავლის მიმართვა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, ექსტენციური ცენტრების შექმნასა და უცხოელი სპეციალისტების მოწვევაზე გაცილებით დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს, ვიდრე ცალკეული იმპორტიორის მოგების მცირედი შემცირებით გამოწვეული დანაკარგია.
- რა არის თქვენი ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია - როგორ შეუძლია სახელმწიფოს, დადებითი წვლილი შეიტანოს ეკონომიკური ზრდის სტრუქტურულ კორექტირებაში?
- ბოლო 20-25 წლის ეკონომიკურმა ტენდენციებმა სერიოზული ასიმეტრიები შექმნა. სახელმწიფოს ამოცანაა ამ დისპროპორციების გამოსწორება - სექტორულ, სოციალურ და ტერიტორიულ (ურბანულ-რურალურ) დონეებზე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული, წლებზე გაწერილი რეკომენდაციები, რომლებიც ეკონომიკურ პოლიტიკას იდეოლოგიური თუ პოლიტიკური დისკუსიებიდან გონივრულ, გათვლილ ნაბიჯებად გადააქცევს. მაგალითად, მითია, თითქოს „მცირე მთავრობა“ ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია - ნობელის პრემიის ლაურეატების ბოლო კვლევებმა 55 ქვეყნის მაგალითზე აჩვენა, რომ გადასახადების შემცირებას ზოგჯერ საპირისპირო შედეგიც კი მოაქვს. საჭიროა ოპტიმალური მიდგომები, მეტი გაანგარიშება და ღია, პროფესიონალური დისკუსიები, რაც დღეს იშვიათობაა… სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები დებატებს ერიდებიან იმ საკითხებზეც კი, სადაც შეიძლება ძლიერი არგუმენტები ჰქონდეთ.
- რას უნდა დავუსვათ წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დავუსვათ სტერეოტიპებს ეკონომიკურ პოლიტიკაში. საჭიროა, მეტი დათვლა, მეტი გაანგარიშება და პოლიტიკის სწორედ ამ საფუძველზე განხორციელება.























