ეკონომიკური ზრდის კუთხით რაც იკვეთება ისაა, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდა, თუმცა ეკონომიკური ვარდნა ჯერჯერობით არ ჩანს,- ასეთია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასება. მან ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე BMGtv-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
პოლიტიკური არასტაბილურობის ინვესტიციებზე გავლენაზე კითხვის საპასუხოდ, ეკონომისტმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო აქტივობაზე დადებითი მოლოდინები არ აქვს, თუმცა მისივე თქმით, არ ელის გართულებების ფულადი გზავნილების და ექსპორტის მიმართულებით.
"არ ველით, რომ გზავნილების და ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ამ მოვლენებიდან [საქართველოში არსებული ვითარება] გამომდინარე ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენის კუთხით. საინვესტიციო აქტივობას არ ველით დიდს. პრინციპში, უცხოური ინვესტიციებს თუ ავიღებთ, შარშანაც არ იყოს სუპერ აქტიური წელი. ვფიქრობთ, საკრედიტო აქტივობა უფრო დაბალი იქნება, თუმცა მაინც გაიზრდება სესხები არაერთი მიმართულებით. ჯერჯერობით რაც ჩანს მონაცემებიდან, ჩვენ უფრო გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება, ვიდრე ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი ვარდნა, ნამდვილად ასე ჩანს მიმდინარე პერიოდის ინფორმაციიდან გამომდინარე",- განაცხადა ოთარ ნადარაიამ, რომელმაც ინფლაციის პროგნოზზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მოიმატებს, მაგრამ არა ისეთ კრიტიკულ ნიშნულამდე, რომელიც მაგალითად 2021 წელს იყო.
მან გამოყო ტურიზმი, რომლის ზრდის ტემპიც, დეკემბრის და იანვრის მაჩვენებლებით, შენელებულია.
"ობიექტური რეალობა ისაა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ეკონომიკური ზრდის შენელებას დეკემბერში, ეს ცალსახად ასეა, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით. იანვარში, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ აღდგენას დეკემბერთან შედარებით. წინა წლის იგივე პერიოდს თუ ავიღებთ მაინც დადებითი ზრდაა ან იმავე დონეზეა, მაგრამ ჯამურად, დეკემბრის და იანვრის მაჩვენებლებით, ტურიზმის ზრდის ტემპი ნამდვილად შენელებულია, მაგრამ მკვეთრი ვარდნა არ ფიქსირდება. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, ფულადი გზავნილების კუთხით ბუნებრივია მიმდინარე მოვლენები არ მოქმედებს რეალურად და შემოდინების ამ წყაროს ტენდენცია როგორიც იყო, ისევ გრძელდება. იგივე შეიძლება ითქვას ექსპორტის მიმართულებით და დიდწილად მიგრაციის მიმართულებით, ჯერჯერობით მაინც, მიგრაციის ეფექტი იმეორებს ადგილობრივი ხარჯების სტრუქტურას",- განმარტა ოთარ ნადარაიამ.
რას აჩვენებს მიმდინარე მაკროეკონომიკური ინდიკატორები? - TBC Capital