მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ბრიტანეთს $1.3 ტრილიონის ინვესტიცია სჭირდება - კვლევა

ბრიტანეთი

ეკონომიკური ზრდის მისაღწევად დიდ ბრიტანეთს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ერთი ტრილიონი გირვანქა სტერლინგის ($1.3 ტრლნ) ინვესტირება სამ ძირითად სექტორში სჭირდება - ამის შესახებ ბრიტანული საფინანსო კომპანია Capital Markets Industry Taskforce-ის ახალ კვლევაშია ნათქვამი.

თავის წინასაარჩევნო კამპანიაში, ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი კეირ სტარმერი სურვილს გამოთქვამდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი წლიურად 2.5%-მდე გაზრდილიყო - რაც ბრიტანეთს, ჯერ კიდევ 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისამდე, სტაბილურად არ შეუნარჩუნებია.

კვლევის თანახმად, ეკონომიკური ზრდის სტაბილური, 3%-იანი ტემპის მისაღწევად, ბრიტანეთმა 100 მილიარდიანი წლიური ინვესტიცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა გაიღოს. პრიორიტეტული მიმართულებებია ენერგეტიკა, რეზიდენტული დეველოპმენტი და ვენჩურული კაპიტალი.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ნაიჯელ უილსონი აღნიშნავს, საინვესტიციო კაპიტალი, შესაძლოა, ბრიტანეთის საპენსიო და სადაზღვევო სექტორის 6-ტრილიონიანი გრძელვადიანი აქტივებიდან გამოიყოს.

უილსონი ასევე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ბრიტანეთში არასაკმარისი ინვესტიცია იდებოდა, რის გამოც ქვეყანა "დიდი შვიდეულის" სხვა წევრებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. შესაბამისად, გრძელვადიანი აქტივების სხვა სექტორებში გადამისამართებაა საჭირო.

კვლევის თანახმად, თუ ბრიტანეთს სურს, ენერგეტიკის სექტორში წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს, ამისთვის ყოველწლიურად 50 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უნდა გაიღოს; 30 მილიარდი რეზიდენტული უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში უნდა ჩადოს; 20-30 მილიარდი კი ვენჩურული კაპიტალისთვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შედეგის მისაძწევად მთავრობამ ინვესტიციები უნდა წაახალისოს, რისი ერთ-ერთი გზაც საცალო ინვესტორებისთვის გადასახადების შემცირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები