მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გაუარესებულია, ამიტომ სოციალური ხარჯების გადახედვა აუცილებელი გახდა“ - ბედინეიშვილი

ბედინეიშვილი

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებაზე მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკური ზრდის შენელებითა და ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებით იხსნება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდი იძულებულიარაპოპულარული ზომების გატარებაზე დაფიქრდეს, რადგან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური „ზურგის ქარი“ სუსტდება და ხარჯების ოპტიმიზაცია აუცილებელი ხდება.

“ოცნების” ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. აქამდე ყურადღებას არ აქცევდა კი არა, ფაქტობრივად ახალისებდა ამ ზრდას, რადგან პოლიტიკური დივიდენდები ჰქონდა. ფაქტობრივად, არჩევნებზე მათი შედეგების გაუმჯობესება პირდაპირ იყო დაკავშირებული ამ ბაზებში რაოდენობის ზრდასთან. მაგრამ ახლა ხედავენ, რომ ეს ძალიან ძვირი ჯდება. ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიანი პერსპექტივები გაუარესებულია. ანუ ის „ზურგის ქარი,“ რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, რითაც ძირითადად აიხსნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა საქართველოში, მცირდება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის შემცირებასთან ერთად, ბიუჯეტის შემოსავლებიც მცირდება და ამიტომ რაღაც ხარჯების გადახედვაც აუცილებელი გახდა.

იძულებულები რომ არ იყვნენ, ისევ იგივე პოლიტიკას გააგრძელებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით უახლოეს მომავალში თითქოს არჩევნები არ ემუქრებათ, ამიტომ ჯობია, რომ რაღაც ასეთი არაპოპულარული ზომები ახლა გაატარონ და მერე, რა ვიცი, შეიძლება, ისევ მოიფიქრონ ახალი პროგრამა.

სოციალური პოლიტიკა დეპოლიტიზებული უნდა იყოს, ამ ბაზებში ადამიანების დამატება, გამოკლება გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. გასაგებია, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილია, რომლის მიმართაც დანარჩენ საზოგადოებას სოლიდარობის გრძნობა აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი დამატებითი ხარჯები ეკონომიკას ანელებს და ფაქტობრივად, თვითონ იმ ადამიანებისაც კი, რომლებიც ამ ბაზაში არიან, მათ პერსპექტივებსაც აუარესებს.

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯებზე ალბათ იპოვიან ვიღაც პასუხისმგებელ პირს. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, ძალაუფლებაში უკვე 13 წელია და მაინც ახერხებენ, რომ გულუბრყვილო თვალებით გვითხრან, როგორ ებრძვიან კორუფციას თავისივე დანიშნული პრემიერის დაჭერით. სინამდვილეში ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი იმ კატასტროფულ საკადრო პოლიტიკაზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თურმე ქვეყანაში ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმედი აქვთ, რომ პროპაგანდით ყველაფერს შეძლებენ, თეთრის შავად გასაღებას, ეს არის მათი გათვლა“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. 13-წლიანი მმართველობის შემდეგ, ოცნების მთავრობამ "აღმოაჩინა," რომ ეკონომიკური ზრდის ფონზე, შემცირების ნაცვლად შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება, რაც "ანომალიურია."

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მართალია, სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 710 000-მდე ადამიანი, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც 2025 წელს გამოშვებულ ავტომობილებს ყიდულობს ან ათეულობით ათასი ლარის შემოსავალი აქვს. ეს ფაქტი კი მისივე ახსნით, კოვიდპანდემიის შემდეგ გამოცხადებული მორატორიუმით და ბაზების გაუკონტროლებით იხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები