მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი 2020 წელს აფასებს და გიორგი გახარიას მთავრობას 1 რჩევას აძლევს

5fed67225a495
ინგა მურუსიძე
31.12.20 14:16
1936
2020 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 5.9% შეადგინა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ნოემბერში ეკონომიკური ვარდნა 7.7% იყო. დიდი ალბათობით, ეკონომიკის ვარდნა მაღალი იქნებ დეკემბერშიც, რადგან ე.წ. „წერტილოვანმა შეზღუდვებმა“ აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

2021 წლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკან სოსო ბერიკაშვილს გიორგი გახარიას მთავრობისთვის ერთი რჩევა აქვს - გააკეთონ ეკონომია, სადაც შესაძლებელია და არსებული შეზღუდული რესურსები დახარჯონ იმ ლოგიკით, რომ ბიზნესი და ეკონომიკა გამოცოცხლდეს.

„საუბარი იმაზე, რა იქნებოდა, პანდემია რომ არ ყოფილიყო, რთულია, მაგრამ ფაქტია, პანდემიის გამო ძალიან მძიმე წელი გვქონდა და დიდი ეკონომიკური ვარდნაც განვიცადეთ” - აცხადებს ეკონომისტი bm.ge-ისთან 2020 წლის შეფასებისას და იქვე დასძენს, რომ წელმა ასე თუ ისე გაიარა, თუმცა ალბათ, შეიძლებოდა, ბევრი რამ უკეთესად გაკეთებულიყო.

ამ მხრივ, სოსო ბერიკაშვილი რამდენიმე მაგალითს ასახელებს:

„პანდემიის პირველი ტალღის დროს ბევრი ისეთი რამ შეიზღუდა, რაც შეიძლებოდა არ შეეზღუდათ, მაგალითად, აკრძალეს ონლაინ-ვაჭრობა და ა.შ. შეგვეძლო, რომ ეს მიმართულება წაგვეხალისებინა, გამოცდილება მიგვეღო და ის პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, როცა ონლაინ გამოწერები გადაიტვირთა, აღარ იქნებოდა. მართალია, ბიზნესს მომზადების თვალსაზრისით, თავისი ვალდებულებები ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფოს მისთვის საქმიანობა არ უნდა შეეზღუდა.

კიდევ ერთი რამ, რაც სახელმწიფომ გააკეთა, ის იყო, რომ სესხად აღებული თანხები ვხარჯეთ მთელი წელი და არანაირი გეგმა ან სტრატეგია არ ყოფილა თუ რას რისთვის ვხარჯავდით; როცა თანხებს ხარჯავს სახელმწიფო, გათვლა უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ ეს ხარჯვა წაადგეს ეკონომიკას, რომ როცა კრიზისი აღარ იქნება, სწრაფად გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან. სოციალურ პროექტებზე, ცხადია, თანხა უნდა დახარჯულიყო, რადგან ბევრ ადამიანს დახმარება სჭირდებოდა, თუმცა ძირითადი აქცენტი ამაზე არ უნდა ყოფილიყო.

გარდა ამისა, კითხვებს აჩენს სხვადასხვა მიმართულებით სუბსიდირების პროგრამები - ვინ დაასუბსიდირეს, რატომ დაასუბსიდირეს და რატომ დაეხმარნენ მაინც და მაინც დეველოპერულ სექტორს, არ ვიცით. დავუშვათ დავეხმარეთ, ეს უნდა აეხსნათ - რატომ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ პროგრამის შედეგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიცოდეთ რაოდენობა - რამდენი ბინა გაიყიდა. ეკონომიკურად რომ შევხედოთ, ეს პროგრამა არასწორ, არაჯანსაღ სტიმულებს აჩენს. ხალხი, რომელსაც სხვა მიმართულებით შეეძლო გაეწია ხარჯები, თანხას მიმართავს ბინების საყიდლად, სხვა შემთხვევაში კი, ამას არ გააკეთებდა”, - აღნიშნავს ეკონომისტი.

რაც შეეხება პროგნოზებს 2021 წლისთვის, სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ 2021-შიც მთავარი გამოწვევა კვლავ პანდემია იქნება და რაიმე სახის გადახალისება მოსალოდნელი არ არის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს და პრიორიტეტებსაც ეტყობა.

„არც პანდემიასთან საბრძოლველად ვემზადებით უკეთესად, არც სამედიცინო ხარჯები იზრდება და ა.შ. ბიუჯეტში არაფერი იცვლება, სიტყვები უბრალოდ სიტყვებია, ხოლო ცვლილებები რეალურად არ მიმდინარეობს. მთელი წელი შეგვეძლო სხვანაირად გვეფიქრა, მაგრამ არ გვიფიქრია. მომავალ წელს ალბათ იგივე იქნება, რაც წელს იყო. შეიძლება, განსხვავება ის იყოს, რომ მსოფლიოში უფრო იაფი ვაქცინა წამოგვეწიოს, მეტი არაფერი. ზამთრის ტურისტული სეზონიც სეზონი ჩავარდა და ეს უკვე დაგვაკლდება ეკონომიკაში, ზაფხულშიც რა იქნება, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი, რომელსაც მთავრობის მხრიდან განსხვავებული ხედვის და მიდგომის იმედი არ აქვს.

„მოლოდინი პესიმისტურია იმ კუთხით, რომ ქვეყანამ უკვე ბევრი სესხი აიღო, თანხები დახარჯა და ახლა ვალების აღების საშუალებაც აღარ არის. ბიზნესები გაჩერებული არიან, მათი დახმარება კიდევ უფრო რთული იქნება, ობიქტურად ძალიან გაუჭირდება სახელმწიფოს და მათ დახმარებას ვერ შეძლებს“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ეკონომისტი ხაზს უსვამს, ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემებია. ის აბსოლუტურად ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კოვზანაძის მოსაზრებას, რომ „2021-ში ინვესტიციები სანთლით იქნება საძებარი“.

„სანთლით ინვესტიციების ძებნა, საპენსიო ფონდისთვის ლოცვა და ჯვრები ჰესების ადგილას, პრობლემაა. მე ვერ ვხედავ შანსებს, რომელ დარგებში შეიძლება ინვესტიციები მოვიზიდოთ. ერთადერთი, შეიძლება რეინვესტირება მოხდეს ანუ უკვე არსებული ბიზნეს კომპანიების მიერ თანხის უკან ჩაბრუნება, თუმცა რაიმე გარღვევა და ახალი ინვესტიციის შემოდინება ძალიან საეჭვოა“, - ამბობს ბერიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები